დავით ლილუაშვილი: ციხეების გარდა, ძალოვან უწყებაშიც ჰქონდა ადგილი ასეთი სახის სისტემურ დანაშაულებებს!


„კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის” თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი უკრაინული მედიის მიერ გასაჯაროებულ კადრებზე კომენტარს აკეთებს:

„უკრაინულმა სააგენტომ გაავრცელა სამეგრელოში, კასრებში აღმოჩენილი კადრები… სწორედ ასეთი ვიდეომასალების ყურება ვერ შევძელით დაახლოებით ორი წლის წინ შსს -ში ყოფნის დროს… შოკში ვიყავით, უფლებადამცველები, მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები და დიპკორპუსის წარმომადგენლები… ასეთი ვიდეომასალები მტკიცებულება იყო იმისა, რომ ციხეების გარდა, ძალოვან სისტემაშიც ჰქონდა ადგილი ასეთი სახის სისტემურ დანაშაულებს!” – აცხადებს ლილუაშვილი.

უკრაინულმა ვებ-პორტალმა tube.ua-მ სათაურით, „როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით”, სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით, „სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი”.

ვებ-პორტალს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა.

Comments
Loading...