დავით ნარმანია: დედაქალაქის ცალკეულ ნაწილებში და მის შემოგარენში 313 ათას წიწვოვან და ფოთლოვან ხეს დავრგავთ

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე 2016 წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ნარმანიამ განცხადება გააკეთა ქალაქის გამწვანების საკითხზეც. მისი თქმით, მერიამ ინტენსიური მუშაობა დაიწყო ქალაქის სხვადასხვა უბნების და შემოგარენის გამწვანების თვალსაზრისით.

„ამ შემოდგომაზე ჩვენ ერთ-ერთი აქცენტი ავიღეთ ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობაზე და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მეშვეობით რაიონულ გამგეობებს 35 ათასი ნერგი გადაეცემათ, რათა ცალკეულ უბნებში ამხანაგობების საერთო სარგებლობის ეზოებში არსებული ტერიტორიები გამოვიყენოთ და გავამწვანოთ. დამატებითი მოთხოვნა, რაც არსებობს ნერგებთან დაკავშირებით, ასევე გამოცხადებულია ტენდერი და დამატებით 6 ათასი ნერგი კიდევ გადაეცემათ გამგეობებს.

ჯამში ჩვენ, როგორც გამგეობების მეშვეობით, ასევე გამწვანების სამსახურის მეშვეობით, დედაქალაქის ცალკეულ ნაწილებში და მის შემოგარენში ამ შემოდგომაზე 313 ათას წიწვოვან და ფოთლოვან ხეს დავრგავთ, რაც, დამერწმუნებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა”, -განაცხადა ნარმანიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.