დავით ნარმანია: მერია ავტოპარკს 2017 წლის თებერვლამდე Man-ის 143 ავტობუსით განაახლებს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სექტემბრის ბოლოდან თბილისში ეტაპობრივად ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე MAN-ის ავტობუსები შემოვა.

„თბილისის მერია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით, ავტოპარკს 2017 წლის თებერვლამდე 143 ერთეული „Man Truck and Bus AG“-ის ავტობუსით განაახლებს. პროცესი ამით არ სრულდება და თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, 2016 წლის ივლისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის – მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო. ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით მუნიციპალურ „MAN“-ის ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.

“ამასთან, ჩვენ დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია. მოდერნიზებულია 4 ვაგონი. კაპიტალურად შეკეთდა 8 ვაგონი, რისთვისაც სატრანსპორტო კომპანიამ 7,5 მლნ. ლარი დახარჯა. წლის ბოლომდე დასრულდება 4 ვაგონის მოდერნიზაცია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა, რომელიც 2009 წლიდან უფუნქციო იყო. განახლებული საბაგირო დღის განმავლობაში 3 500 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. გონდოლები ადაპტირებულია შშმ პირებისათვის; ვაგონები აღჭურვილია ველოსიპედის ჩამოსაკიდი მოწყობილობით.

„აღსანიშნავია, რომ შემუშავებულია საცობების მართვის 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი ავტოსადგომებისა და პარკინგის ადგილების შექმნა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა თბილისში 700 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსაცდელების დამონტაჟდება. ამჟამად, ჯამში 200 მოსაცდელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში უკვე დამონტაჟებულია.

Comments
Loading...