დავით ნარმანია რამდენიმე საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობის დატოვებას “მძიმე სამუშაო რეჟიმისგან” გარიდების სურვილით ხსნის


თბილისის მერი დავით ნარმანია რამდენიმე საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობის დატოვებას “მძიმე სამუშაო რეჟიმისგან” გარიდების სურვილით ხსნის.
როგორც ნარმანია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, გადამდგარი თანამდებობის პირები ეფექტურად მუშაობდნენ, თუმცა გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს, პატივი უნდა ვცეთ.
“რატომ დატოვეს თანამდებობა, უმჯობესია მათ ჰკითხოთ. ჩემი აზრით, ისინი კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ. მათი ინტენსიური მუშაობა (ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების) განსაკუთრებით სტიქიის დროს გამოჩნდა, როცა ერთდროულად სტიქიასთან გამკლავებასაც ახერხებდნენ და მიმდინარე სამუშაოსაც ასრულებდნენ. გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს, პატივი უნდა ვცეთ. ისინი იყვნენ ჩემთან, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ და ერთობლივად შევჯერდით, რომ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს.
როცა ადამიანს სურს გადავიდეს სამუშაოდ, ან მძიმე სამუშაო რეჟიმს გაერიდოს, შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არა გვაქვს. მათ ჰქონდათ უფლება, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და ამ განცხადების დაუკმაყოფილებლობაც არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – აცხადებს დავით ნარმანია.
მისივე განმარტებით, თანამდებობიდან წასული პირები უახლოეს მომავალში ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან.
“მერია დიდი და ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ პერიოდული ცვლილებები ბუნებრივია. ასეთი ცვლილებები ადრეც იყო და შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს. აჟიოტაჟი, რომელიც ამასთან დაკავშირებით არის ატეხილი, აბსოლუტურად ხელოვნურია. მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში და თანამდებობიდან წასული პირები ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან, მათი ნაწილი კონკურსის გზით შეირჩევა, ზოგს კი მე წარვუდგენ საკრებულოს”, – აღნიშნავს თბილისის მერი.

Leave A Reply

Your email address will not be published.