დავით ნარმანიამ “თბილისობა 2015” გახსნა


“თბილისობა 2015” დღეს “საპატიო თბილისელების” დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და დედაქალაქის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა. “დედაქალაქის მერია ყოველწლიურად ზრუნავს და დაუზოგავად შრომობს, რათა შემოდგომის დღესასწაული იყოს კიდევ უფრო საინტერესო და მასშტაბური. ჩვენ გადავწყვიტეთ, წლევანდელი თბილისობა განსაკუთრებული ყოფილიყო, არა მხოლოდ მრავალფეროვანი პროგრამით, არამედ სიახლეებით, რომელსაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ვთავაზობთ. შემოდგომის 36-ე დღესასწაულის დაგეგმვაში წელს, თავად, მოქალაქეები იყვნენ ჩართულები. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა განსაკუთრებული პატივი მივაგოთ და დავაფასოთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს და სრულიად საქართველოს ასახელებენ”,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
“საპატიო თბილისელის” წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ თერთმეტ ადამიანს მიენიჭა. დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა, მომღერალმა ფოლად ბიულ-ბიულ ოღლიმ, ექიმმა ბესიკ იაშვილმა, მეცნიერმა მზექალა შანიძემ, მხატვარმა გიორგი (გია) ჯაფარიძემ, არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ, მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძემ, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ, რეჟისორებმა ქეთევან დოლიძემ და გიორგი შენგელაიამ.
დაჯილდოების ცერემონია, “თბილისობის” დღესასწაულის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა. დედაქალაქის მერმა საპატიო მოქალაქეებს სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს. ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ “ბორჯღალოსნებს” “წლის წარმატებული სპორტსმენის” სპეციალური სამკერდე ნიშნებიც გადასცა.
“საპატიო თბილისელის” დაჯილდოება “თბილისობის” განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს, თბილისობის პირველ დღესასწაულზე ჩაეყარა. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს ყოველწლიურად ენიჭებათ.

Comments
Loading...