დავით პოპოვი ბიძინა კუჭავასთან შეხვედრას დეტალურად იხსენებს

დავით პოპოვი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას გარდაცვალების ერთადერთი მოწმეა, 17 იანვარს კუჭავასთან შეხვედრას დეტალურად იხსენებს.

როგორც დავით პოპოვმა “მაესტროს” პირდაპირ ეთერში განაცხადა, მან თავისი მეგობრის თხოვნით ბიძინა კუჭავას 16 იანვარს დაურეკა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს გლდანში შეხვდნენ.

“16 იანვარს, გვიან, ალბათ 12 საათი იქნებოდა ჩემმა მეგობარმა გოჩა კუჭავამ დამირეკა და მთხოვა შევხვედრილიყავი ბიძინა კუჭავას, რაღაც პრობლემა აქვს ფული უნდაო. ნომერი ჩემმა მეგობარმა მომცა. რამდენიმე წუთში გადავრეკე და დავთქვით შეხვედრა გლდანში. მითხრა ნახევარ საათში შევხვდეთო. შევხვდით გლდანში. მანქანა დავქოქე და წავედი. მანქანაში არაფერზე გვისაუბრია. კუჭავა სახლში წავიყვანე. როდესაც სახლში მივიყვანე ვკითხე რა პრობლემა ჰქონდა. მითხრა, რომ მაქვს დიდი პრობლემა, დრო ერთი დღე მაქვს და ქვეყნიდან უნდა წავიდეო. 17 იანვარს რეისი გადიოდა თბილისი-მინსკი. მან ბილეთის ფული მთხოვა. მას თან 160 ლარამდე ჰქონდა. მე ვუთხარი, რომ სახლში რა თანხაც მქონდა, მივცემდი. ჩემს მეუღლეს აეროპორტში გადავარეკინე. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ბილეთი 600 ლარამდე ღირდა. მე 250 ლარი მქონდა, მას კი 160 ლარი, თანხა არ გვყოფნიდა. ამ დროს მითხრა – დათო ფსონი მაქვს დადებული ტოტალიზატორში და თუ გაქვს სახლში ინტერნეტი იქნებ რამე თანხა იყოსო. შევიდა ინტერნეტში და მითხრა, რომ კარტაზე თანხა მიდევსო. მე არ ვიცოდი სად უნდა მოგვესხნა თანხა. მითხრა, რომ ან ვაგზალზე, ან კოსტავას ქუჩაზე უნდა მივსულიყავით. მანქანაში რომ ჩავსხედით მეუღლემ მითხრა გამოგყვებიო. მეუღლე წინ ჩაჯდა კუჭავა კი უკან. მივედით ფილარმონიასთან ევროპაბეთში, 10 წუთში გამოვიდა უკან. რომ ჯდებოდა მაქნანაში, ჩვენს უკან პატრული იდგა. მან პატრულს რაღაც უთხრა, მე არ გამიგია, მაგრამ მეუღლე მეუბნება რომ 10 ლარიანი ჯარიმა გაქვს გამოწერილიო. ამის შემდეგ წავედით აეროპორტისკენ”, – განაცხადა პოპოვმა.

მისივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ის მოგვიანებით სანაპიროზე გააჩერა და არამხოლოდ მისი საბუთები, არამედ მგზავრების საბუთებიც მოითხოვა.

“როგორც კი სანაპიროზე გავედით, პატრულმა გაგვაჩერა. მოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი და საბუთები მომთხოვა. მე მივაწოდე საბუთები. თანამშრომელი 2 წუთში უკან სხვა თანამშრომელთან ერთად დაბრუნდა. მათ მომთხოვეს, რომ მანქანაში ვინც მეჯდა, მათი საბუთები მიმეცა. მანქანა მეუღლის სახელზეა გაფორმებული, მე მეგონა, რომ მეუღლეს საბუთები თან არ ჰქონდა, თუმცა ჩემმა მეუღლემ თანამშრომელს საბუთი მიაწოდა. ამის შემდეგ პატრულის თანამშრომელმა მთხოვა, უკან მჯდომის საბუთიც მიმეცა მისთვის. რომ ვუთხარი ბიძინას საბუთი მიაწოდეთქო, მან თავიდან ფანჯარა ვერ ჩასწია, მე ჩავუწიე ფანჯარას და მან საბუთი მიაწოდა. როგორც კი პატრულის თანამშრომლები ჩემს მანქანას გაცდნენ, შავი ჯიპები მოვიდნენ. ამ მანქანებიდან შეიარაღებული ხალხი გადმოვიდა, რომლებმაც ყვირილი დაიწყეს, რომ ჩვენ ვართ პოლიციის თანამშრომლები, ხელები აწიეთ და მანქანიდან გადმოდითო. მე ისეთი შეშინებული ვიყავი ვყვიროდი – მეუღლე მიზის მანქანაში, არ ისროლოთთქო. ამ აურზაურში ჩემს მანქანაში გასროლის ხმა გაისმა. ავტომატურად გავიხედე და დავინახე კაცის სისხლიანი თავი. 5 წუთში კი უკვე პატრულის მანქანაში ვიყავი”, – აცხადებს დავით პოპოვი.

Comments
Loading...