დავით სერგეენკო: მზად ვარ, ჩემი მანქანა, რითაც დავდივარ, გადავამისამართო ამ საქმეზე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქვეყანაში ვირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ინიციატივით გამოდის.

როგორც სერგეენკომ უწყების სხვადასხვა სამსახურებისა და დეპარტამენტის სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, ცხელებიან გამოძახებებზე სასწრაფო დახმარების სრულად აღჭურვილი ბრიგადა არ უნდა გავიდეს.

მინისტრის თქმით, სამსახურების მენეჯერების ავტომანქანები უნდა გადამისამართდეს აღნიშნულ გამოძახებებზე და ოჯახის ექიმები ნაკლებად მძიმე კატეგორიის გამოძახებებზე ამ ავტომანქნებით უნდა გავიდნენ.

ამასთან, მინისტრი მზად არის ის ავტომანქანა, რომლითაც თავად გადაადგილდება, მსგავსი გამოძახებებისთვის გადაამისამართოს.

„გავაძლიერებთ თბილისის სასწრაფოს შპს-ს, მივამაგრებთ დამატებით მანქანებს, ან მენეჯერები ჩამოვიდნენ ცოტა ხნით ამ მანქანებიდან. იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახურებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართდეს. მზად ვარ, ჩემი მანქანა, რითაც დავდივარ, გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული ცხელებიან გამოძახებებზე და არ გაუშვან „აკივლებული“ სასწრაფოები, როდესაც ამ დროს, კაცი კვდება სადღაც.

ცხელების გამოძახება, რომელიც არის არა რისკჯგუფის პაციენტებში, არ უნდა გავიდეს ამაზე სასწრაფოს სრულად აღჭურვილი ბრიგადა, არამედ, უნდა გავიდეს მსუბუქი მანქანა, სადაც იქნება მარტო ოჯახის ექიმი.

თბილისის სასწრაფოს მივმართავთ რეკომენდაციით და ბრძანებით, ასევე, რაიონულ სასწრაფოს, მენეჯერები ცოტა ხნით ჩამოვიდნენ თავის მანქანებიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იარონ, ყველას აქვს ამისთვის საკმარისი ხელფასი და ეს მანქანები გამოიყენეთ იმისთვის, რომ ამ კატეგორიის გამოძახებებზე გავიდნენ სწორედ ეს მანქანები“, – განაცხადა სერგეენკომ.

Comments
Loading...