დავით უსუფაშვილი – აქედან გავალთ თუ არა, მე და ხმალაძემ ეროვნული მასშტაბის პროვოკაციები უნდა დავგეგმოთ

აქედან გავალთ თუ არა, მე და ვახტანგ ხმალაძემ ეროვნული მასშტაბის პროვოკაციები უნდა დავგეგმოთ, რომლითაც უნდა დავამხოთ ეს ქვეყანა – გთხოვთ, გამოიძიოთ ეს საქმე, ჟურნალისტურადაც და სხვანაირადაც, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საარჩევნოდ, რიგი პარტიების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე შს მინისტრის განცხადებას ეხება.

“შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში წესრიგზე. არ მიკვირს, თუ მინისტრი გარკვეულ პრევენციას აკეთებს, თუმცა მგონია, რომ ბატონი გიორგი საკმაოდ გონიერი ადამიანია და წინასაარჩევნო პერიოდში, წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში შსს-ს როლს და ადგილს სწორად და კარგად დაინახავს. ჩვენ მინისტრისგან, მთავრობისგან გვჭირდება არა ზოგადი ვარაუდები იმის თაობაზე, რომ პროვოკაციებია მოსალოდნელი – ამას პოლიტიკოსები ერთმანეთს მარტივად აბრალებენ ხოლმე, არამედ გვჭირდება ფაქტები, ან გახსნილი საქმე, ან შეკავებული დანაშაული, ან არჩადენილი, გახსნილი, მზადების პროცესში და ა.შ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ჩვენდაუნებურად სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

დავით უსუფაშვილი გიორგი მღებრიშვილს მიმართავს, მისი გამოსვლების ამ ნაწილს მეტი ყურადღება მიაქციოს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “ამაზე საუბარი კი არა, ქმედებაა საჭირო და გამოვლენა, თუ ვინმემ რამე იცის“.

“1-2 დღის წინ, როდესაც ერთ-ერთ კონკრეტულ ფაქტზე, სამტრედიის ტრაგედიაზე საუბრობდა, ბოლოს იმით დაასრულა, რომ “ყველამ იცის ჩვენ გავიმარჯვებთ და ამიტომ ეძებენ ვიღაცეები რაღაც გზებს“. მე მინდა ვუთხრა მასაც და ყველას, “რესპუბლიკური პარტია“ შსს-ს წინააღმდეგ არ იბრძვის, ჩვენ სახელმწიფოს არ ვეჯიბრებით არჩევნებში, ჩვენ მთავრობასთან არ გვაქვს კონკურენცია, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ პარტიას ჰყავს თავისი წარმომადგენლები ამ არჩევნებში და ისინი მონაწილეობენ, თავის სათქმელს ამბობენ და იტყვიან. მინისტრისგან, რომელიც თავისი კონკრეტული საქმის კეთების პროცესშია, ჩვენ ველოდებით უფრო იმ საქმის კეთებას, რაც საკეთებელია. ამ თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ნათლად ჰყოფს, ავლებს ზღვარს – მაგალითად, პარლამენტის წევრს რა შეუძლია, მინისტრს რა შეუძლია, და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ წესრიგი აუცილებელია. მე ყველა არჩევნების წინ, ბოლო ხანებში, მქონდა განცდა, რომ შესაძლოა ზოგ პოლიტიკურ პარტიას ჰქონოდა სხვა ტიპის დამხმარე საშუალებები არჩევნების დროს, მე ამას არ გამოვრიცხავ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ძალიან დაძაბულ სამეზობლოში ვიღაც სხვას ჰქონდეს რაღაც სურვილები, მაგრამ ამაზე საუბარი კი არა, ქმედებაა საჭირო და გამოვლენა, თუ ვინმემ რამე იცის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Comments
Loading...