დავით უსუფაშვილი: ქალბატონი თინა არ აპირებს ჩემს დატოვებასა თუ მიტოვებას

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ იხუმრა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ასევე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თინათინ ხიდაშელი „მის დატოვებას არ აპირებს“.

როგორც უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მის მსგავსად, დატოვებს თუ არა პარტიას მისი მეუღლე და თანაგუნდელი თინათინ ხიდაშელი, ჯერჯერობით არ იცის.

„ქალბატონი თინა არ აპირებს ჩემს დატოვებას თუ მიტოვებას. პარტიულად რას იზამს ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალში აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას განაგრძობს, თუმცა რა ფორმით, ამას ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

„ვაგრძელებ ინდივიდუალურ რეჟიმში აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას. უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არ დაღლილა დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის პორბლემებით, ვინც პირიქით, ამ პრობლემების გამო მეტი შრომით და მეტი შემართებით მზადაა, გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო ფეხზე დადგეს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, რომლის მიზეზიც მისი თქმით, პარტიის ლიდერებთან სტრატეგიულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

Comments
Loading...