დავით უსუფაშვილი – ყოველთვის არც ამერიკელები არიან აღფრთოვანებული, რა არჩევანსაც ქართველები ვაკეთებთ

ყოველთვის არც ამერიკელები არიან ხოლმე აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ვაკეთებთ ჩვენ – ქართველები, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ჩვენთან სტრატეგიულ მეგობრობას აგრძელებენ, – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას გამოეხმაურა.

უსუფაშვილის შეფასებით, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის პირობებში უშუალოდ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაიმე პრობლემა არ გაჩნდება, თუმცა მისი ვარაუდით, მოსალოდნელია გარკვეული გამოწვევები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ მხრივ, საქართველოს განსაკუთრებული სიფხიზლე მართებს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც შესაძლოა ბევრი არ ელოდა, არც აშშ-ში და არც მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ეს არის რეალობა, ეს არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ყოველთვის არც ამერიკელები არიან აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ვაკეთებთ ჩვენ – ქართველები, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ჩვენთან სტრატეგიულ მეგობრობას აგრძელებენ. მე არ მგონია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე პრობლემები გაჩნდება. მე უფრო ველოდები გარკვეულ გამოწვევებს საერთაშორისო სისტემაში – საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში, სადაც დღემდე შეინიშნებოდა პასუხისმგებლობებისა და ინიციატივების დეფიციტი. ამან მსოფლიოს ბევრ წერტილში საკმაოდ დაძაბა ვითარება. ამ თვალსაზრისით აშკარად იქნება გამოწვევები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყურადღებით უნდა ვიყოთ, უნდა გავაუმჯობესოთ, გავაორმაგოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა ცოტა გაურკვევლობების პერიოდში, როდესაც შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, ქვეყნებს გაუჩნდეთ გარკვეული ვაკუუმის და იმის განცდა, რომ ახლა არის დრო რაიმე ნაბიჯები გადაიდგას არალეგიტიმური ინტერესების დასაკამაყოფილებლად, ამიტომ ჩვენ გვმართებს გარკვეული სიფხიზლე, დიპლომატიური არხებით და ყველა სხვა არხით, რითაც ქვეყნის ინტერესია დასაცავი. ეს ის თემებია, როცა პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მოწოდებული, რომ ქვეყნის ინტერესები ყველა ფლანგზე დავიცვათ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო:ipn.ge

Comments
Loading...