დავით ზურაბიშვილი – საზოგადოების რეაქცია პატრიარქის ინიციატივაზე ცალსახად ნეგატიურია

პატრიარქის ინიციატივას, რომელიც მისთვის პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭებას გულისხმობს, ამჯერად „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, დავით ზურაბიშვილი ეხმიანება და ამბობს:
„ხუთი ათასამდე ვირტუალური მეგობარი (“ფრენდი”) და ათი ათასზე მეტი მიმდევარი (“ფოლოუერი”) მყავს საკმაოდ ჭრელი იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი სპექტრით, რომელიც მეტ-ნაკლებას ასახავს ქართულ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. მათი რეაგირებიდან გამომდინარე, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საზოგადოების რეაქცია პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭებაზე არის ცალსახად ნეგატიური. უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ლიბერალებსაც და კონსერვატორებსაც, მორწმუნეებსაც და ურწმუნოებსაც, მართლმადიდებლებსაც და სხვა კონფესიის მიმდევრებსაც, ახალგაზრდებსაც და ასაკოვნებსაც, კაცებსაც და ქალებსაც, ნაცებსაც და ქოცებსაც და ა.შ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქართული საზოგადოება არის უფრო თანამედროვე, უფრო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე,და, გნებავთ უფრო ევროპული, ვიდრე ქართული პოლიტიკური სპექტრის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი. სხვათა შორის ეს ვითარება აისახება ყველა სოციოლოგიურ კვლევაში, როდესაც იმათი რიცხვი, ვინც არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკურ პრეფერენციებში, არის ძალიან დიდი. და დღეს ერთ-ერთი უპირველესი, რაც მოგვეთხოვება ალბათ ქართველ პოლიტიკოსებს, არის ის, რომ ვიყოთ უფრო ადეკვატურები საზოგადოების მოთხოვნების, საზოგადოებისგან მომდინარე დაკვეთის მიმართ და გვახსოვდეს: ვინც ყველაზე მეტს ყვირის, ის უბრალოდ ყველაზე მყვირალაა და ასეთები სულაც არ არიან ყველაზე მეტი“.

Comments
Loading...