დაზარალებულისა და მოწმის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

მთავარი პროკურატურის მენეჯერებისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით, დაზარალებულის და მოწმის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა და აშშ-ს საელჩოს სამართლებრივმა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა გახსნეს.

კონფერენცია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრაზე მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ მოწმის/დაზარალებულის სპეციალისტები აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის განყოფილებიდან და გამოძიების ფედერალური ბიუროდან.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ამერიკის წარმატებულ პრაქტიკას და განიხილეს შემდეგი თემატიკა: დაზარალებულის უფლებები, დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინება და დაცვა, დაზარალებულის საჭიროებების შეფასება და ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი ტექნიკები. აქცენტი გაკეთდა ისეთ ძალადობრივ დანაშაულებზე, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, ტრეფიკინგი და ბავშვთა ექსპლუატაცია.

პროგრამა, თეორიული ცოდნის გაზიარებასთან ერთად, მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის განვითარების პროექტზე მთავარი პროკურატურა აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მუშაობს. პროგრამის მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის პროცესში პროკურატურასა და მოქალაქეებს (მოწმე/დაზარალებული) შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვას.

Comments
Loading...