დედაქალაქში “თბილისი-მარათონი” იმართება

“ჰაიდელბერგცემენტის” მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი “თბილისი-მარათონი” უკვე მეოთხედ იმართება. წელს “თბილისი-მარათონის” ღონისძიების მარშრუტი ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “თბილისი-მარათონი” დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარათონი. საკმაოდ დიდია მონაწილეთა რიცხვი, მათი რაოდენობა ორი ათასს აჭარბებს და სამასზე მეტი უცხოელი სტუმარია ჩამოსული მარათონში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების თვალსაზრისით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
წლევანდელი ღონისძიება მოიცავს სამ გარბენს: ნახევარმარათონს (21,097 კმ); 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენს (500 მ. და 1000 მ.).
“თბილისი-მარათონის” გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება. შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის Official Timekeeping and Data Processing სისტემით მოხდება.
“თბილისი-მარათონი” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება. პროექტს საერთაშორისო მასშტაბით მხარდაჭერას უწევს ავსტრიული კომპანია შპორტურლაუბ, რომელიც “თბილისი-მარათონისთვის” სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს უცხოელ სტუმრებს.
ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა.
ტრადიციისამებრ, 2015 წელსაც “თბილისი-მარათონი” საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის გაფართოებასა და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

Comments
Loading...