დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრებს ხვდებიან – შეხვედრას პატრიარქი არ ესწრება

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრებს ხვდებიან. შეხვედრა საპატრიარქოში მიმდინარეობს.

საპატრიარქოს განმარტებით, შეხვედრას კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არ ესწრება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მღვდელმთავრების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს.

„ჩვენ საპატრიარქოში მივდივართ. მისვლა გვთხოვეს. შესაბამისად, იქ წმინდა სინოდის წევრები დაგვხვდებიან. კონკრეტულად, სინოდის რომელ წევრებს შევხდებით, არ ვიცი. საქმიდან გამომდინარე, ყველა დასმულ კითხვაზე ჩვენი მხრიდან პასუხი გაცემული იქნება“, – აღნიშნა ადვოკატმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმე დღეა პატრიარქთან ან წმინდა სინოდთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა სინოდის წევრი მღვდელმთავრები შეხვედრას ამ დრომდე მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

Comments
Loading...