დეკანოზი გიორგი მამალაძე: მე დასამალი არაფერი მაქვს

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელსაც ბრალი ანგარებით მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე ედება, წინასასამართლო სხდომის საჯაროობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გიორგი მამალაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს, დეკანოზმა მინიჭებული რეპლიკის უფლებით ისარგებლა.

როგორც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განაცხადა, სასამართლო არა მის პირად ცხოვრებას, არამედ ბრალდებას განიხილავს, სადაც დასამალი მას არაფერი აქვს.

„ჩემი სურვილია, რომ სასამართლო სხდომა საჯარო იყოს. მე დასამალი არაფერი მაქვს. მგონი ჩემს პირად ცხოვრებას არ განვიხილავთ, თუმცა დასამალი იქაც არაფერი მაქვს. განვიხილავთ ბრალდებას და ბრალდებასთან შემხებლობაში რაც არის, დასამალი არაფერი მაქვს“, -განაცხადა გიორგი მამალაძემ.

არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ე.წ. ციანიდის საქმის წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურატურის არგუმენტებით, რომელიც სასამართლო პროცესზე წარადგინეს, სხდომის დახურვის მიზეზი ის მტკიცებულებებია, რომლებიც საქმეში არსებობს.

როგორც ბრალდების მხარე განმარტავს, აღნიშნული მტკიცებულებები პირადი ინფორმაციის შემცველია და სხდომის საჯაროობამ შესაძლოა, საზოგადოებრივ წესრიგს გარკვეული საფრთხე შეუქმნას და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებაც გამოიწვიოს.

Comments
Loading...