დეცენტრალიზაციის შემთხვევაში, ვისი სახით უნდა ეძებოს საქართველომ საკუთარი უსაფრთხოების გარანტორი – ხათუნა ლაგაზიძე

გუშინ მოლდოვასა და ბულგარეთში აირჩიეს პრეზიდენტები და ორივე არის წარმომადგენელი სოციალისტური პარტიის და ორივე არის მკვეთრად ორიენტირებული რუსეთთან ურთიერთობაზე, – ასე აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

როგორც მან “პრაიმთაიმის” პრესკლუბში საუბრისას განაცხადა, ძალიან საინტერესო ფაზაში შევდივართ. გუშინდელი დღე იყო ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი სიმპტომი.

“ძალიან საინტერესო ფაზაში შევდივართ. გუშინდელი დღე იყო ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი სიმპტომი. მე ვგულიხმობ იმას, რომ ერთგვარი გეოპოლიტიკური რევოლუცია თუ ამერიკის კონტინენტზე მოხდა ტრამპის არჩევით, გუშინ ჩვენ მოწმენი გავხდით უკვე ევროპის კონტინენტზე ფერადი რევოლუციების ახალი რუსული ტალღის. გუშინ მოლდოვასა და ბულგარეთში აირჩიეს პრეზიდენტები და ორივე არის წარმომადგენელი სოციალისტური პარტიის და ორივე არის მკვეთრად ორიენტირებული რუსეთთან ურთიერთობაზე, განსაკუთრებით მოლოდოვის პრეზიდენტი, რომლის წინასაარჩევნო მესიჯები გახლდათ ის, რომ ის გადახედავდა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკვაშირთან და სამაგიეროდ ინტენსიურ ურთიერთობებს დაამყარებდა რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან და ასევე არ გამორიცხავდა საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე შეფასებით,  როგორც ერთი ასევე მეორეც არ გამორიცხავს ყირიმის აღიარებას რუსეთის ნაწილად.

“რაც შეეხება ბულგარეთს ის არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამავდროულად ახალი პრეზიდენტი ღიად აცხადებს, იმას რომ აუცილებელია ბალანსის პოლიტიკის წარმოება რუსეთთან. ყირიმთან დაკავშირებითაც ორივეს აქვს თითქმის ერთნაირი პოზიცია, როგორც ერთი ასევე მეორეც არ გამორიცხავს ყირიმის აღიარებას რუსეთის ნაწილად. ამასთანავე, დროში დაემთხვა სომხეთისა და რუსეთის ხელშეკრულება ერთობლივი სამხედრო შენაერთების ფორმირების თაობაზე. ეს ყველაფერი ერთად აღებული მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ ჩვენ ამჯერად უკვე ევროპაში გეოპოლიტიკური რევოლუციის პირველი ტალღის მომსწრენი ვართ, რასაც შეიძლება დავარქვათ ფერადი რევოლუციების რუსული ტალღა”,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტის თქმით, თუ რეალურად დაიწყო ევროპაში დეცენტრალიზაციის პროცესი, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის დგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი.

“თუ რეალურად დაიწყო ევროპაში დეცენტრალიზაციის პროცესი, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის დგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, ვისი სახით უნდა ეძებოს მან საკუთარი უსაფრთხოების გარანტორი. თუ არსებული საძირკვლები ევროპის უსაფრთხოებისა მოიშალა, მაშინ საით მიდის საქართველო, ვის იმედად მიდის მისი უსაფრთხოება და რამდენად ინტენსიური უნდა იყოს მისი უსაფრთხოება იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმისათვის რომ საერთოდ არ ამოვარდეს დასავლური პოლიტიკის დღის წესრიგიდან”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

Comments
Loading...