დღეს, 28 იანვარს, მოკლეს სანდრო გირგვლიანი და მასთან ერთად მთელი ერი…

საქმის მოკლე ისტორია

2006 წლის 27 იანვარს, დაახლოებით საღამოს 11 საათზე, მეგობრების ერთი ჯგუფი შეიკრიბა თბილისში მდებარე კაფე „შარდენში“. ჯგუფში იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე თ.ს.-აია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დ.ა.-აია, მისი მოადგილე ო.მ.-ოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვ.ს.-ძე, სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი და მინისტრის პრესსპიკერი გ.დ.-ძე, და თ.ს.-იას მეგობარი ქალბატონი ა.კ-ძე. მათთან ერთად იყო კიდევ ერთი ქალბატონი, თ.მ.-ძე, რომელიც ა.კ.-ძის მეგობარი იყო.

სანდრო გირგვლიანი, მომჩივანთა 28 წლის ერთადერთი შვილი, და მისი მეგობარი ლ.ძ.-ძე, იმავე დარბაზში სხვა მაგიდასთან ისხდნენ.

მომჩივანთა თქმით, დ.ა.-აია, ო.მ.-ოვი, ვ.ს.-ძე და გ.დ.-ძე საქართველოში ძალიან კარგად ცნობილი საჯარო პირები არიან, რომლებმაც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვ.მ.-შვილთან ერთად, აქტიური როლი ითამაშეს ე.წ. „ვარდების რევოლუციაში“, რომელმაც შედეგად მოიტანა 2003 წლის ნოემბერში პრეზიდენტ ე. შევარდნაძის გადადგომა (იხ.The Georgian Labour Party v. Georgia, no. 9103/04, §§ 11-13, 8 July 2008). მომჩივანთა განცხადებით, ხელისუფლებას ძლიერ ესაჭიროება ამ სანდო მოსამსახურეების მხარდაჭერა.

როგორც მომჩივნებმა განაცხადეს, იმ საღამოს ორი ახალგაზრდა ბანკირი, სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ.-ძე, კაფე „შარდენში“ ზემოთ დასახელებული მეგობრების ჯგუფზე გვიან მივიდა. მომჩივნების შვილს იმედი ჰქონდა, რომ იქ ნახავდა თ.მ.-ძეს, რომელიც მას, როგორც ჩანს, მოსწონდა. კაფეში შესვლისთანავე, იგი მივიდა მაგიდასთან, სადაც ისხდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე თ.ს.-აია და მისი მეგობრები, რათა თ.მ-ძისათვის სალამი ეთქვა. სალამთან ერთად, მან გადაკოცნა თ.მ.-ძე და ამის შემდეგ იგი იქვე ახლოს მაგიდასთან მჯდომ ლ.ბ.-ძეს შეუერთდა. ერთ მომენტში მან ანიშნა თ.მ.-ძეს, რომ ისიც მის მაგიდასთან გადასულიყო, რის შედეგადაც თ.მ.-ძე მართლაც რამდენჯერმე გადმოვიდა მის მაგიდასთან. საუბარი სანდრო გირგვლიანსა და თ.მ.-ძეს შორის, რომელიც 20-30 წუთი გრძელდებოდა, როგორც ჩანს, საკმაოდ დაძაბული იყო, იგი მრავლისმთქმელი ჟესტიკულაციის თანხლებით მიმდინარეობდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ისინი რაღაცის შესახებ ვერ თანხმდებოდნენ. ამის გამო ა.კ.-ძე ორჯერ მივიდა თ.მ.-ძესთან, რათა ეკითხა მისთვის, ხომ ყველაფერი რიგზე იყო და რამე დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. თ.მ.-ძე პასუხობდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და, რომ იგი მალე დაბრუნდებოდა ა.კ-ს მაგიდასთან. როდესაც იგი ბოლოს მართლაც დაბრუნდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლემ ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე გართულებას. თ.მ-ძემ უპასუხა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც იგი ელაპარაკა, მისი მეგობარი იყო და, რომ არავითარ პრობლემას ადგილი არ ჰქონდა.

2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, სანდრო გირგვლიანის ცხედარი მისი სამი მეგობრის მიერ, ადგილობრივი მკვიდრის დახმარებით, თბილისის შემოგარენში მდებარე სოფელ ოქროყანის სასაფლაოსთან ახლოს, კაფე „შარდენიდან“ 6.3 კმ-ის დაშორებით იქნა ნაპოვნი.

2006 წლის 28 იანვარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, რომელიც მომზადდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ და, რომელსაც თან ერთვოდა ფოტოსურათები, სანდრო გირგვლიანის წელზემოთ გაშიშვლებული გვამი აღმოჩენილ იქნა თოვლში, სასაფლაოს შორიახლოს, ტყეში. გვამის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მარცხენა მკლავზე და მხარზე აღმოჩენილ იქნა მრავალრიცხოვანი პარალელური ხაზოვანი ჭრილობები, სამი 8 სმ სიგრძის ჭრილობა კისრის არეში, ერთი ასეთივე ჭრილობა ყელზე და რამდენიმე სისხლჩაქცევა და დაზიანება, ზოგი მათგანი საკმაოდ ღრმა, გულმკერდის მიდამოებში იყო მიყენებული. მსხვერპლის შარვლის ჯიბეში ნაპოვნი იქნა ჯიბის დანა.

2006 წლის 28 იანვარს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განხორციელდა გვამის გაკვეთა, რომლის შედეგადაც დადგენილ იქნა, რომ გვამს აღენიშნებოდა 12 სხვადასხვა ზომის ჭრილობა ყელის არეში, მიყენებული მჭრელი საგნით, და ერთი დაზიანება მარცხენა მხარზე. ყელზე არსებულ ჭრილობათაგან სამი საკმარისად ღრმა იყო იმისათვის, რომ კუნთების დაზიანება გამოეწვია. ერთ-ერთი მათგანი, 0.5 სმ დიამეტრის მქონე, ხახამდე იყო ჩასული. სახელმწიფო ექსპერტის თქმით, რომელმაც შეამოწმა ყელიდან აღებული კანის ნიმუში, ჭრილობები მიყენებული იყო მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი საგნით, შესაძლოა დანით. ძალზე დიდი რაოდენობის, სხვადასხვა ზომის – 4 სმ-დან 15 სმ-მდე სიგრძის – ჭრილობები იქნა აღმოჩენილი მარცხენა მხარზე, მარცხენა მკლავზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცლის არეში, ორივე მუხლზე და წვივზე, ბარძაყებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების მიდამოებში. ანალიზების შედეგად, სისხლში აღმოჩენილ იქნა ალკოჰოლი, თუმცა ნარკოტიკების კვალი არ აღმოჩნდა. ექსპერტების თანახმად, სიკვდილის დროისათვის მსხვერპლის სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა უმნიშვნელო იყო (0.35%).

2006 წლის 30 იანვარს ლ.ბ.-ძემ, რომელიც ბრალდებულის სახით დაიკითხა, საგამოძიებო ორგანოებს ახალი ინფორმაცია მისცა. მან თქვა, რომ კაფე „შარდენში“ ყოფნისას მათ მაგიდასთან მივიდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც იგი არ იცნობდა. მომჩივნების შვილი მას თბილად მიესალმა. ამ დროს ლ.ბ.-ძე თავის ერთ ნაცნობს ელაპარაკებოდა. ამის მიუხედავად, მან შენიშნა, რომ მომჩივნების შვილსა და ხსენებულ ქალბატონს შორის საუბარმა დაძაბული ხასიათი მიიღო. მას არ ესმოდა, თუ რის შესახებ საუბრობდნენ ისინი, რადგან სანდრო გირგვლიანი და ქალბატონი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ისხდნენ, ხოლო მუსიკა ძალზე ხმამაღლა უკრავდა. ათი წუთის შემდეგ ქალი ადგა, გაბრაზებული ჩანდა, და ისევ თავის მაგიდასთან დაბრუნდა, რომელთანაც რამდენიმე ქალი და დაკუნთული მამაკაცები ისხდნენ. სანდრო გირგვლიანს არ უთქვამს ლ.ბ.-ძისთვის, თუ ვინ იყო ეს ქალი. კაფეში ყოფნისას სანდროსთან შელაპარაკება არავის მოსვლია. სასაფლაოზე, როდესაც მომჩივნების შვილს სცემდნენ, ლ.ბ-ძეს მისი დანახვა არ შეეძლო, თუმცა მისი გმინვა და ყვირილი კი ესმოდა. მოგვიანებით ბოროტმოქმედებს მეოთხე მამაკაციც შეემატა. მას ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეკავა. ლ.ბ.-ძის თქმით, შეუძლებელი არაფერი იყო იმაში, რომ ამ მამაკაცს გვერდით კიდევ სხვა პირიც ჰყოლოდა, რადგან სანდრო გირგვლიანი ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდა იყო და იოლი არ იქნებოდა მისი შებოჭვა, სანამ ისე ძლიერ აწამებდნენ, როგორც მის სხეულზე აღმოჩენილი კვალი მიანიშნებს. გარდა ამისა, სწორედ ამ მეოთხე მამაკაცის მოსვლის შემდეგ იწყო მომჩივანთა შვილმა შემზარავი გმინვა და ყვირილი. დრო და დრო ეს მამაკაცი სანდრო გირგვლიანს შეეშვებოდა ხოლმე და ლ.ბ.-ძის საცემად მოდიოდა. რადგან ფეხებს პირდაპირ სახეში ურტყამდნენ, ლ.ბ.-ძე იძულებული იყო სახე ხელებით დაეფარა და ამის გამო ვერ ხედავდა ზუსტად რა ხდებოდა მისი მეგობრის თავს, და კერძოდ რამდენი კაცი სცემდა მას.

2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, 363 სხვა მსჯავრდებულთან ერთად, გადაწყვიტა შეეწყალებინა გ.ა.-ია, ა.ა.-ური, ა.ყ.-ავა და მ.ბ.-ძე და ნახევრით შეემცირებინა მათთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

რადგან აღნიშნული შეწყალების აქტი მათთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა, ოთხივე მსჯავრდებულმა 2009 წლის 14 აგვისტოს განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის ორგანოს და პირობით ვადამდე გათავისუფლება მოითხოვა. სასჯელაღრსულების დაწესებულების მიერ გაცემული ცნობების თანახმად, რომლებიც მათ განცხადებებს თან ერთვოდა, მსჯავრდებულები გამოირჩეოდნენ კარგი ყოფაქცევით (მშვიდი, თავაზიანი ქცევა, კარგი ურთიერთობები სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციასთან) და თავისუფლების აღკვეთის მთელი პერიოდის განმავლობაში არცერთ მათგანს არ მიუღია რაიმე საყვედური. მსჯავრდებულების სასარგებლოდ საბჭოს 2009 წლის 21 აგვისტოს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც გ.ა.-იას, ა.ა.-ურის, ა.ყ.-ავასა და მ.ბ.-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღწერის მიზნით, აღნიშნულ იქნა, რომ მათ „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებს“, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2009 წლის 5 სექტემბერს, მიიღო გადაწყვეტილება ოთხი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოიხადეს 2008 წლის 24 ნოემბერს შემცირებული სასჯელის ორი მესამედი (სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-8 ნაწილი) და, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო ამ პირების კარგი ყოფაქცევა. სასამართლოს აზრით, სასჯელის მთლიანად მოხდა საჭირო აღარ იყო მათი გამოსწორებისათვის.

არ არის სადავო, რომ გამოძიება მომჩივანთა შვილის სიკვდილის გარემოებების გამოსარკვევად ნამდვილად ჩატარდა. მაგრამ საქმის შესაბამისი გარემოებების ჯეროვანი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს გაუჩნდა ძალზე სერიოზული წუხილი ამ გამოძიების კეთილსინდისიერებისა და ეფექტიანობის თაობაზე, რისი გაქარწყლებაც სახელმწიფომ ვერ მოახერხა ვერც წერილობითი და ვერც ზეპირი განმარტებებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულმა პირველივე ზომებმა, რომლებიც 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანის გვამის აღმოჩენის შემდეგ განხორციელდა, შემდეგი ორი ფაქტი გამოავლინა – რომ გარდაცვლილი და ლ.ბ.-ძე კაფე „შარდენში“ იმავე დროს იმყოფებოდნენ, როდესაც იქ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, რომელთა უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს წარმოადგენდა, და, რომ კაფედან გარეთ გასვლის შემდეგ ორ მსხვერპლს თავს დაესხნენ უცნობი პირები, რომლებიც ისე იქცეოდნენ, როგორც პოლიციელები (იხ. ლ.ბ.-ძისა და კაფეს თანამშრომლების ჩვენებები, რომლებიც მათ გამომძიებელს 2006 წლის 28, 29 და 30 იანვარს მისცეს, ზემოთ პუნქტები 24-30, 33 და 35). უფრო მეტიც, თ.მ.-ძის – სანდრო გირგვლიანის მეგობარი ქალის, რომელიც წარმოადგენდა უშუალო მეკავშირეს სანდრო გირგვლიანსა და კაფეში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ჯგუფს შორის – ადრეულმა განცხადებებმა, აგრეთვე გამომძიებლის მოულოდნელმა ინტერესმა შესაბამის პერიოდში გ.ა.-იას მიერ განხორციელებული და მიღებული სატელეფონო ზარების მიმართ აჩვენა, რომ ყველაზე გვიან 2006 წლის 31 იანვარს მაინც, გამომძიებელმა უკვე იცოდა, რომ არსებობდა კავშირი მომჩივანთა შვილსა და ზემოთ ხსენებულ ჯგუფს შორის და მას ჰქონდა გარკვეული საფუძველი, ეჭვი მიეტანა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პირველ მოადგილე გ.ა.-იაზე (იხ. ზემოთ პუნქტები 40 და 41). გარდა ამისა, როგორც მომჩივნებმა განაცხადეს და შემდგომში სახელმწიფომაც დაადასტურა, 31 იანვარს და 1 თებერვალს გამომძიებელმა ასევე ამოიღო იმ ტელეფონის ნომრების ნუსხა, რომლებიც კავშირში იყო ა.ყ-ავასა და მ.ბ.-ძის ნომრებთან, რომელი ფაქტიც ადასტურებს, რომ იმ დროისთვის გამომძიებელს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა გარკვეული ეჭვი სამართალდამცავი ორგანოს იმ ორი თანამშრომლის მიმართაც (იხ. ზემოთ პუნქტები 185 და 223).

მაგრამ, აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, რომლებიც გამოძიების უკვე საწყის ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარკვეულ როლზე მიანიშნებდა, აღნიშნული ორგანო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, 2006 წლის 5 მარტამდე, კვლავ გამოძიების მწარმოებელ ორგანოდ რჩებოდა (იხ. ზემოთ პუნქტი 49). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება განახორციელა, როგორებიცაა შესაბამისი მოწმეების დაკითხვა, შესაბამის დროს თბილისში განლაგებული ანტენების მომსახურების ზონაში მომუშავე მობილური სატელეფონო ნომრების შესახებ მონაცემების შეგროვება, მათ შორის, როგორც ზემოთ აღინიშნა, იმ ნომრების შესახებაც, რომლებიც სამინისტროს ხსენებულ თანამშრომლებს ეკუთვნოდა, თბილისი-კოჯრის გზაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერების ამოღება, რომელმა მტკიცებულებამაც შემდგომში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ო.მ.-ოვის სავარაუდო მონაწილეობის შემოწმების მიზნისათვის, და სხვა (იხ. ზემოთ პუნქტები 24-48).

ამგვარი ინსტიტუციონალური კავშირი და, უფრო მეტიც, იერარქიული სუბორდინაცია საქმეში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებსა და საქმის მწარმოებელ გამომძიებლებს შორის, კიდევ უფრო გამაოგნებელი გახდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დ.ა.-აია, კაფეში შეკრებილი შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ჯგუფის წევრი და, ამავე დროს გ.ა.-იას უშუალო უფროსი, მოგვიანებით გახდა პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა სამინისტროში სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას. ასეთი ინტერესთა კონფლიქტის უმართლობას, სასამართლოს თვალსაზრისით, კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ეს გარემოება საზოგადოებისთვის დამალული იყო: გამოძიებაში დ.ა.-აიას მონაწილეობის შესახებ მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები სამინისტროს 2006 წლის 24 თებერვლით დათარიღებულ პატაკში, რომელიც იმ დროს საიდუმლო, შიდასაორგანიზაციო დოკუმენტი იყო (იხ. ზემოთ პუნქტები 10 და 50-სასამართლო გვერდს ვერ აუვლის სხვა ეპიზოდებსაც, რომლებიც ადასტურებს, რომ ქ. თბილისის პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებები აშკარად არასწორი მიმართულებით მიჰყავდა. მაგალითად, როგორც 2006 წლის 8 მარტს ჩატარებული ამოცნობის პროცედურის ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, ლ.ბ.-ძემ, გარკვეული ყოყმანით, ო.მ.-ოვი ერთ-ერთ ბოროტმოქმედს მიამსგავსა. თუმცა, პროკურორმა ეს ფაქტი არ შეიტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში.

სასამართლო გმობს იმ ფაქტს, რომ მომჩივნების გამუდმებული მოთხოვნების მიუხედავად, პროკურატურამ, გამოძიების მიზნებისათვის, არ გამოავლინა და არ დაკითხა ის პირები, რომლებთანაც დანაშაულის ღამეს კავშირი ჰქონდათ, როგორც ოთხ მსჯავრდებულს, ისე კაფეში მსხდომ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ჯგუფს. ასეთი ზომების მიღება აუცილებელი იყო, რათა შემოწმებულიყო მომჩივნების განცხადებები იმის შესახებ, რომ არსებობდა რაღაც დანაშაულებრივი კავშირი დანაშაულის უშუალო ამსრულებლებსა და კაფეში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ჯგუფს შორის.

სასამართლო ასევე გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ პროკურატურამ არ გამოიკვლია სანდრო გირგვლიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ჭრილობების, განსაკუთრებით ყელის არეში მიყენებული ჭრილობების გარემოებები. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჭრილობათა უმრავლესობა, მათ შორის ხახის არეში მიყენებული ფატალური ჭრილობა მიყენებული იყო მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი საგნით, შესაძლოა დანით, პროკურატურამ თავი არ შეიწუხა, რათა გამოეძიებინა და აეხსნა, საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტში, თუ როგორ, რომელი მჭრელი იარაღით და ოთხი ბრალდებულისგან რომლის მიერ იქნა მიყენებული ეს ჭრილობები

სასამართლო ასევე საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პროკურატურამ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა – უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელის სათავეში დ.ა.-აიას ძმა იდგა (იხ. ზემოთ პუნქტები 127-129) – არ უზრუნველყვეს ოთხი ბრალდებულის სხვადასხვა საკნებში მოთავსება, რასაც იმ დროს ცალსახად მოითხოვდა „პატიმრობის შესახებ“ კანონის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

ყველა ზემოთ აღწერილი მოსაზრებები საკმარისია სასამართლოსათვის, რათა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების გამოკვლევის გარეშეც დაასკვნას, რომ საქმის გამოძიების იმ ნაწილს, რომელიც ქ. თბილისის პროკურატურაში ჩატარდა, აშკარად აკლდა ჯეროვანი გულმოდგინება, ობიექტურობა და, რაც ყველაზე მთავარია, კეთილსინდისიერება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე მთავარი ნაკლი იყო შიდა სასამართლოების სისტემატური უარი, მიეცათ მომჩივნებისთვის საკმარისი დრო და საშუალებები საქმის მასალების შესასწავლად, რითაც მომჩივნებს წაერთვათ უფლება, ჯეროვნად მოემზადებინათ თავიანთი პოზიცია სასამართლოში გამოსასვლელად და მიეღოთ ქმედითი მონაწილეობა სასამართლო პროცესში. მართლაც, გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ასეთი რთული სისხლის სამართლის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასეთი პერიოდის განმავლობაში დაზარალებულები ან თუნდაც მოსამართლეები ვერაფრით შესძლებდნენ ესოდენ დიდი მოცულობის საქმის შესწავლას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მომჩივნებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ თოთხმეტ მტკიცებულებას, რომლებიც საქმის ხერხემალს წარმოადგენდა. ეს მტკიცებულებები, ორიგინალის სახით, სასამართლო სხდომაზე არასდროს გამოქვეყნებულა და არც შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეულა. თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მომჩივნებისთვის, რომ ჰქონოდათ აღნიშნული ვიდეოჩანაწერების და არა მხოლოდ მათი წერილობითი აღწერილობების გაცნობის საშუალება, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება იმ ფონზე, რომ, როგორც სასამართლომ ზემოთ უკვე აღნიშნა, პროკურატურას გააჩნდა მიდრეკილება, დაემახინჯებინა ფაქტები შესაბამის ოქმებში.

უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს შიდა სასამართლოებმა ჯეროვნად არ გამოიკვლიეს ზემოთ ხსენებული თოთხმეტი მტკიცებულება, მათ ასევე უგულებელყვეს მომჩივანთა მრავალრიცხოვანი შუამდგომლობები საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის პირდაპირი მნიშვნელობის მქონე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შესახებ.

სასამართლო განსაკუთრებით გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ როდესაც ლ.ბ.-ძემ, თავისი უწინდელი განცხადებების შესაბამისად, სასამართლოშიც გაიმეორა, ამჯერად უკვე სრულიად დარწმუნებულმა, როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს საყურადღებოდ, რომ მეოთხე ბოროტმოქმედი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა მასაც და სანდრო გირგვლიანსაც, ო.მ.-ოვი იყო, აღნიშნულმა სახელმწიფო ორგანოებმა, იმის მაგივრად, რომ სიფხიზლე გამოეჩინათ, რაც მათ კანონით ევალებოდათ, თვალი დახუჭეს ამ ძალზე მძიმე და სარწმუნო ბრალდებაზე. სახელმწიფო ორგანოებმა განაგრძეს თავიანთი, ყოვლად აუხსნელი უმოქმედობა მაშინაც კი, როდესაც მომჩივნებმა მკაფიოდ მოითხოვეს ო.მ.-ძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა, მის წინააღმდეგ უშუალო მსხვერპლის – ლ.ბ.-ძის მამხილებელი განცხადებების საფუძველზე

სასამართლო გმობს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ძალზე სერიოზული ნიშნებისა, რომლებიც სახელმწიფო ორგანოებისაგან ამ მიმართულებით განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას მოითხოვდა, აღნიშნულმა ორგანოებმა თვალი დახუჭეს მომჩივანთა სარწმუნო განცხადებებზე, კაფეში შეკრებილი შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ჯგუფის ზოგიერთ წევრსა და დანაშაულის უშუალო ამსრულებლებს შორის დანაშაულებრივი კავშირის არსებობის შესახებ. შიდა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ასეთი შერჩევითი მიდგომა სასამართლოსთვის მიუღებელია, რადგან გამოძიების ქმედითობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია, რომ გამოძიების დასკვნები ეფუძნებოდეს დანაშაულის ყველა შესახები ელემენტის გულმოდგინე, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების თანახმად, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სანდრო გირგვლიანი წელს ზემოთ გააშიშვლეს და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მას მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი იარაღით, შესაძლოა დანით, მრავალრიცხოვანი ჭრილობები მიაყენეს. პროკურატურისა და სასამართლოების მიერ დადგენილ იქნა, რომ ეს ქმედებები ოქროყანის სასაფლაოზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა მოსამსახურემ ჩაიდინა. ერთადერთი შესაძლო ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ამ ორი დადგენილი ფაქტიდან გამომდინარე, ის არის, რომ ბოროტმოქმედებმა, ოქროყანის სასაფლაოზე, ჯერ გააშიშვლეს სანდრო გირგვლიანი, რომელიც, თავისთავად, ადამიანის მიმართ განზრახ, დამამცირებელი მოპყრობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, ხოლო შემდეგ, ჯგუფის, მინიმუმ, ერთმა წევრმა დაიწყო მისი სასტიკად წვალება დაუდგენელი მჭრელი იარაღის გამოყენებით.

დააკვირდა რა ამ ჭრილობების ბუნებას უფრო ახლოდან – საუბარია მრავალრიცხოვან ჭრილობებზე მსხვერპლის მთელ სხეულზე, რომელთა სიგრძე 4 სმ-სა და 15 სმ-ს შორის მერყეობს და, რომლებიც ასევე მოიცავს ღრმა ჭრილობებს ყელის არეში, რომელთაგან ერთი, რომელმაც მსხვერპლის ხახა გახვრიტა, ფატალური აღმოჩნდა (მეტი დეტალებისთვის იხ. ზემოთ პუნქტები 20-22) – სასამართლოს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაასკვნას, რომ სანდრო გირგვლიანი გახდა განსაკუთრებით სასტიკი, სიცოცხლისთვის საშიში არაადამიანური მოპყრობის საგანი. უფრო მეტიც, რადგან ბოროტმოქმედმა (ბოროტმოქმედებმა) მსხვერპლს, ესოდენ ფაქიზ ადგილას, როგორიცაა ყელის არე, რაღაც მჭრელი იარაღით თორმეტი ჭრილობა მიაყენა (მიაყენეს), ერთადერთი გონივრული ვარაუდი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ბოროტმოქმედს (ბოროტმოქმედებს) რეალურად განზრახული ჰქონდა (ჰქონდათ), მოეკლა (მოეკლათ) სანდრო გირგვლიანი. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ხაზს უსვამს ჩადენილი დანაშაულის სიცოცხლისათვის საშიშ ხასიათს, ის იყო, რომ, სულ მცირე, ერთმა ბოროტმოქმედმა მაინც ცემცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ყველა ამ ფაქტზე დაყრდნობით, სასამართლო სამწუხაროდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის კვალიფიკაციის შერჩევისას და დამნაშავეთათვის სასჯელის სახით 7-8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას, რომელი სასჯელის საკმარისობაც ნამდვილად საეჭვოა, შიდა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ისეთი აშკარად დამამძიმებელი გარემოებება, როგორიცაა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ მსხვერპლის მიმართ სრულიად შეგნებულად ჩადენილი დამამცირებელი და განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი ორგანოს მოხელე, მსჯავრდებულია კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულის ჩადენაში, მის მიმართ ამნისტიისა ან შეწყალების ზომების გამოყენება არაფრით არ ემსახურება სასჯელის საკმარისობის მიზანს

აჯამებს რა ზემოთ მითითებულ დასკვნებს, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას აშკარად აკლდა აუცილებელი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და გულმოდგინება. პირიქით, საქმის შესაბამისი გარემოებები შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს დაასკვნას, რომ შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა არაკეთილსინდისიერად წარმართეს საქმის გამოძიება. თუნდაც ცალკეული სახელმწიფო ორგანოების არაჯეროვანი ქმედებები, ცალკე აღებული, არ ყოფილიყო საკმარისი იმისათვის, რათა მთლიანად გამოძიება უარყოფითად შეფასებულიყო, მათი თანაარსებობა, კუმულაციური ეფექტი, ამ თვალსაზრისით საკმარისზე მეტიც კია. სასამართლო მართლაც რომ გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.

სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანების ოჯახის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობას 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

Comments
Loading...