დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო უწყებასთან გაერთიანების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა გელა დუმბაძე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც დიასპორის დღევანდელ ფორუმს ვერ დაესწრო.

“ორიოდე სიტყვით მინდა ვახსენო დიასპორის ფორუმი, რომელიც დღეს ჩატარდა. ტექნიკური მიზეზის გამო, ვერ მოვახერხე დასწრება და მინდა, აღვნიშნო ბატონი გელა დუმბაძის, ჩვენი მეგობრის და ჩვენი კოლეგის წვლილი ამ მიმათულებით. მან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა მინისტრობის პერიოდში. ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების უფასოდ გადმოსვენება სამშობლოში და სამშობლოს მიწას მიბარება, რაც დიდი შვება იყო ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის. ასევე მან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნებაში იუსტიციის მინისტრ ქალბატონ თეასთან ერთად და ეს იყო მართლაცდა ისტორიული მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც საქართველოს დაუბრუნდა ლევილის მამული. აღსანიშნავია ათობით შეხვედრა საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყანაში. მე თვითონ მქონდა ბედნიერება, რომ ის ემოცია გაგვეცვალა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც იმყოფებიან საქართველოდან ძალიან მოშორებით და მინდა ვთქვა, რომ ბატონი გელას როლი ამ მიმართულებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან პირდაპირ იგრძნობოდა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მობრუნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი მინისტრის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.

“გელა უბრუნდება დიპლომატიას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვაკეთებთ სტრუქტურულ ცვლილებას და საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება ეს უმთავრესი მიმართულება გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ის რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს და ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვებთ ამ მიმართულებით საქმიანობას, რათა თითოეული ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჩენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. ასევე მინდა აღვნიშნო ისეთი მიღწევები, როგორიც იყო თურქეთში ქართული ენის სწავლების დაშვება. ეს იყო ამ სამინისტროს მუშაობის შედეგი. ბატონ გელას წარმატება მინდა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთი ღირსეული წარმოამდგენელი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სადაც 32 სპეციალისტი მუშაობს და რომლის ბიუჯეტი 1,2 მილიონ ლარს შეადგენს, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.

Comments
Loading...