„დილის და ღამის საათებში ხმაური დასჯადი იქნება“

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ ხმაურთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე საუბრობს.

თედო კობოხიძის განცხადებით, კანონი, რომელიც დილის და ღამის საათებში ხმაურის დონეს დაარეგულირებს, ძალაში 1 სექტემბრიდან შევა. დადგენილ დეციბელებზე გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს.

„ ხმაურის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მივმართეთ პარლამენტს, რომ ხმაური დილის და ღამის საათებში დასჯადი იყოს. დღის საათებად განისაზღვრა დილის 7-დან 11 საათამდე პერიოდი, ღამის საათებად კი განისაზღვრა ღამის 11 – დან დილის 7 საათამდე პერიოდი. დილით ხმაურის დონე 40 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამის საათებში კი – 30 დეციბელს. მოსახლეობა სხვისი გართობით ან სამუშაოთი არ უნდა გაიტანჯოს. მათ უნდა მოაწყონ ისე თავიანთი მხიარულება, რომ სხვა არ შეაწუხონ. კაფე-ბარებს და სხვა ამ ტიპის დაწესებულებებს შეუძლიათ გააკეთონ მათ ფართში იზოლირება ისე, რომ გამომავალმა ხმაურმა სხვას პრობლემა არ შეუქმნას. ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს. ეს ევროკავშირის და ევროპარლამენტის დირექტივაა“,- განაცხადა თედო კობახიძემ.

ახალი კანონპროექტის შესაბამისად ხმაურზე კონტროლის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძოდ კი საპატრულო პოლიციას დაევალება. პოლიციელები სპეციალური ხმაურმზომებით იქნებიან აღჭურვილნი და თუ დაშვებულ დეციბელებს იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირებმა გადააჭარბეს, ადგილზე დაჯარიმებას განახორციელებენ.
თედო კობახიძის განმარტებით, ფიზიკური პირი დღის საათებში კანონის დარღვევის შემთხვევაში 150 ლარით, ხოლო საღამოს საათებში 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, კანონდარღვევის შემთხვევაში ის დღის საათებში 500 ლარით, ხოლო ღამის საათებში დარღვევის შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება. წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის თანხა ორმაგდება.

Comments
Loading...