დიპლომატიური კორპუსი საქართველოს ულოცავს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერს ვიზალიბერალიზაციის ფინალურ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს.
იანოშ ჰერმანის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ელჩებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ რეფორმებს.
საქართველო, სავარაუდოდ, ვიზალიბერალიზაციას აპრილის ბოლოს მიიღებს.
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.
საქართველოსთან უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება.