„დოიჩე ველე“ ესპანეთში ქართველ ქურდებზე წერს

ესპანეთის შსს ამტიკიცებს, რომ მადრიდში ბინების ძარცვის 60 % ზვიად დარსაძის დაჯგუფების ქართველ ქურდებზე მოდის. ქართველი ქურდების შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსული გამოცემა ვრცელ სტატიას უძღვნის.
ესპანეთის სასამართლოს მესამე ეროვნული განყოფილება, რომელიც გაცილებით სერიოზული მართლწესრიგის დარღვევებით არის დაკავებული, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმეს იხილავს. გამოცემის თანახმად, 2016 წლის მესამე კვარტალში ქართველებმა ესპანეთის დედაქალაქში 2700 ბინა გაძარცვეს.
„დოიჩე ველესთან“ საუბარში ესპანეთის შსს-ს წარმომადგენელმა მიგელ ანხელ კარანსამ განაცხადა, რომ ქართველი მძარცველები „გაბედულად და პროფესიონალურად“ მოქმედებენ. მისი თქმით, მადრიდსა და სხვა ქალაქებში იმ სახლებს ძარცვავენ, სადაც არ არიან დარაჯები. ისინი მოქმედებენ სამუშაო დღეებში ჯგუფებად, რომელშიც 4 ადამიანია: ორი ქუჩაში რჩება, რომლებიც დანარჩენებს მობილურით უკავშირდებიან, რომლებიც იმ დროს ძარცვით არიან დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიასა და სხვა ქალაქებში, როგორც წესი, ერთდროულად 50 ქართველი მძარცველია. ისინი ქვეყანაში ჩადიან სამთვიანი ტურისტული ვიზებით, რომლებსაც შემდეგ სხვა ჯგუფი ცვლის. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მთელი ამ დანაშაულებრივი სქემის შემქმნელი ე.წ. კანონიერი ქურდი, ქუთაისელი, 44 წლის ზვიად დარსაძეა. 2015 წლის ივლისში ის მადრიდის ციხეში მოხვდა, სადაც დღემდე იმყოფება. თუმცა, მისი დაკავების შემდეგ ძარცვა არ შემცირებულა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ დარსაძე თავის დროზე კახაბერ შუშანაშვილის თანაშემწე იყო, რომელიც ევროპას „უყურებდა“ – ანუ, დანაშაულებრივ ჯგუფს კურირებდა არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და საბერძნეთში.

წყარო :  ipn.ge

Comments
Loading...