დოლიძე: პრეზიდენტის ანგარიში ყველა იმ მნიშვნელოვან თემას ასახავს, რომელიც ქართველ ხალხს ადარდებს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით, კონსულტაციები არ დაწყებულა.
როგორც დოლიძემ განაცხადა, როგორც კი, საკითხზე კონსულტაციები იქნება, ამას საზოგადოება გაიგებს.
„ბუნებრივია, ანგარიში ყველა იმ მნიშვნელოვან თემას ასახავს, რომელიც ქართველ ხალხს ადარდებს. ეს კონკრეტულად რაში გამოიხატება, დღეს ვერ გეტყვით“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, როგორც წესი, პრეზიდენტი წლიური ანგარიშით უწყებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ეწვევა.
გასულ წლებში, მმართველ გუნდში, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. მათ შორის, სხდომაზე მინისტრების დასწრებასთან დაკავშირებით.
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს – 7 თებერვალს იხსნება.