დონალდ ტრამპი: რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

აღნიშნული განცხადება დონალდ ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„რამდენადაც ვიცი, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დაგეგმილია. ვნახოთ, რა გამოვა. რაც შეეხება სანქციებს, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები გვექნება. გარანტიები არ არის, მაგრამ თუ შევძლებთ ამის მიღწევას, ეს დადებითი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ის პირველ რიგში, ამერიკელი ხალხის ინტერესებს დაიცავს.

“ვაპირებ, მტკიცედ წარმოვადგინო ამერიკელი ხალხის ინტერესები. თუ ჩვენ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები გვექნება, თუ ერთად დავუპირისპირდებით „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელიც უნდა შევაჩეროთ, ეს კარგია და არა ცუდი“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ამასთან, ტრამპმა ამერიკა-ბრიტანეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„გპირდებით, ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების გასაღრმავებლად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Comments
Loading...