დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ახალ განკარგულებაზე – მე თქვენ გაგაოცებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის განიხილავს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების „სრულიად ახალი განკარგულების“ ხელმოწერის შესაძლებლობას. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, მათ შორის სრულიად ახალი განკარგულების ხელმოწერა. ჩვენ უნდა სწრაფად ვიმოქმედოთ უსაფრთხოების მიზნებისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„ჩვენ გვექნება უსაფრთხოების ახალი ზომები. ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული შემოწმებები, მათ ექსტრემალურს ვუწოდებდი. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ის ხალხი შემოვა, ვისაც კარგი განზრახვები აქვს“, – განმარტა მან.

ტრამპმა ამავდროულად აღნიშნა, რომ მას სურს, რომ ახალი დოკუმენტი „ოდნავ განსხვავდებოდეს“ თავდაპირველი განკარგულებისგან და პირობა დადო, რომ მოქმედებას „ორშაბათს ან სამშაბათს“ დაიწყებს.

„მე თქვენ გაგაოცებთ“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ სან-ფრანცისკოს მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების დაბლოკვის თაობაზე ძალაში დარჩა.

ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...