დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც ტრამპის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა შესაბამისი რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრისა და მისი პირველი მოადგილისგან მიიღო.

„ მივედი დასკვნამდე რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს გადატვირთვის დროა. მისი დირექტორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს წესებისა და პრინციპების შესაბამისად მოქმედებს და ვინც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის მისაბაძია.” – ნათქვამია განცხადებაში.

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჯეიმს კომის გათავისუფლება შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება. თუმცა ამავე ტელეკომპანიის ეთერში ჩართვისას ტრამპის მრჩეველმა კელიენ კონუემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არც არჩევნებსა დაა არც რუსეთს არ უკავშირდება, მაგრამ კავშირშია პრეზიდენტის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მიმართ ნდობის ხარისხთან.

წინასაარჩევნო პროცესის გამოძიების საკითხი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშიც არის ნახსენები.

„მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მე სამჯერ შემატყობინეთ, რომ ჩემ წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს, მე ვეთანხმები იუსტიციის სამინისტროს რომ არ შეგიძლიათ ეფექტურად უხელმძღვანელოთ აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს“- აღნიშნულია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში.

The New York Times -ის ცნობით, ჯეიმს კომმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ ლოს-ანჯელესში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას შეიტყო, რაზეც გაეღიმა და ინფორმაციას მედიის „ბოროტი ხუმრობა” უწოდა, თუმცა თანაშემწეებმა ანიშნეს, რომ სიტყვით გამოსვლა შეეწყვიტა, კაბინეტში დაბრუნებულმა კი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო.

ჯეიმს კომი აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე 2013 წელს დაინიშნა.

 

წყარო: http://www.sazogadoeba.ge

Comments
Loading...