დონალდ ტრამპმა ქვეყანაში სირიელი დევნილების მიღება განუსაზღვრელი ვადით აკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „რადიკალური ისლამური მებრძოლების წინააღმდეგ“ ბრძოლის ფარგლებში, ქვეყანაში სირიელი დევნილების შესვლა აკრძალა.

ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ფართომასშტაბიან ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც აშშ-ში დევნილთა მიღების პროცესს ოთხი თვით აჩერებს.

ბრძანების თანახმად, ექვსი ძირითადი მუსულმანური ქვეყნიდან ქვეყანაში შესვლა სამი თვით აიკრძალება.

„რადიკალი ისლამისტი ტერორისტების მიმართ ბრძოლის ახალ მეთოდებს ვიწყებთ. ქვეყანაში მხოლოდ ისინი გვინდა მივიღოთ, ვინც ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერს და ჩვენი ხალხი უყვარს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ბრძანების თანახმად, აშშ დევნილების მიღების პროგრამას 120 დღით აჩერებს; 90 დღით შესვლა ეკრძალებათ ერაყის, სირიის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებს. გარდა ამისა, ტრამპმა განუსაზღვრელი ვადით აკრძალა აშშ-ში სირიელი დევნილების მიღება.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ტრამპის აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე გააპროტესტეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ფინანსური წელი დაიწყო, აშშ-მა 30 000 დევნილი უკვე მიიღო. შესაბამისად, დარჩენილ პერიოდში აშშ 20 000 დევნილს მიიღებს.

Comments
Loading...