ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) მიერ ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტის მიღებას ეხმაურება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დონალდ ტუსკმა განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ქართულად გამოაქვეყნა.
„შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია“, – წერს დონალს ტუსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი მიიღო. აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა კომიტეტის 37 წევრმა, ცხრა წევრი წინააღმდეგი წავიდა, ორმა წევრმა კი, თავი შეიკავა.
LIBE-ს კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტის წევრები პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრიან კენჭს.