დუბლინში მსოფლიოს წამყვან IT კომპანიებს საქართველოს ბიზნესშესაძლებლობები გააცნეს

საქართველოში ბიზნეს-ინვესტიციებისთვის არსებული ხელსაყრელი გარემო გააცნო ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა დუბლინში გამართული კონფერენციის მონაწილეებს.

 

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატისა და ირლანდიის მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სექტორს მიეძღვნა. კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაციით წარსდგა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი.
საგარეო უწყების ცნობით, ზურაბაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო საქართველოში საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის არსებული ხელსაყრელი გარემო, ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსა და იმ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე, რაც საქართველოში ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის არსებობს.
დროებითმა რწმუნებულმა კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამაზე, რაც 2020 წლისთვის საქართველოს მთელი ტერიტორიის საყოველთაო ინტერნეტიზაციას ითვალისწინებს.
მან ხაზი გაუსვა ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში, რეგიონში საქართველოს მოწინავე პოზიციებს. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) კიდევ უფრო განვითარება.
დუბლინში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიის სფეროს სხვადასხვა წამყვანი კომპანიების, მათ შორის “Google” და “LinkedIn” წარმომადგენლებმა.
საქართველოში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა მთავრობამ 2016 წლის 28 ივლისს დაამტკიცა.
პროგრამის მიხედვით, საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
Comments
Loading...