“ძალიან ბევრს დიდთოვლობის დროს ფეხზე ჩასაცმელი არ აქვს”-ჩაშლილი საახალწლო კონცერტი ბათუმში და სამინისტროს განმარტება

ჩაშლილი საახალწლო კონცერტი ბათუმში და სამინისტროს განმარტება-“ძალიან ბევრს დიდთოვლობის დროს ფეხზე ჩასაცმელი არ აქვს” „ვეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ გვიან დაიწყო დაგეგმარება, მაგრამ სიცივის გამო ვერ მოხერხდა ადამიანების გარეთ გამოსვლა იმიტომ, რომ ფიზიკურად ძალიან ბევრს, ბათუმში მცხოვრებს დიდთოვლობის დროს ფეხზე ჩასაცმელიც არ აქვს ხოლმე იმისთვის, რომ თოვლ-ჭყაპში გამოვიდეს გარეთ და მითუმეტეს იმ ყინვაში“- ასეთი გამართლება მოუძებნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძემ ბათუმში, საახალწლო კონცერტის ჩაშლას.
31 დეკემბრის ღამეს, ერას მოედანი თითქმის ცარიელი იყო. კონცერტზე არმისვლის მიზეზად ბათუმელების ნაწილი უგემოვნო პროგრამას, ნაწილი კი არაინფომირებულობას ასახელებს -„ისეთი კონცერტი იყო, რომ ამის მოსმენა შეუძლებელი იყო“- აცხადებს ბათუმის ერთ-ერთი მცხოვრები.
რაც შეეხება ოფიციალურ სტრუქტურებს. ქალაქის ცენტრში მოწყობილი საახალწლო საღამოს მაყურებლის გარეშე დარჩენის მთავარ მიზეზად აჭარის მთავრობაში დიდთოვლობას უკავშირებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ღონისძიების დაგეგმვა და პოპულარიზაცია გვიან, 25 დეკემბრიდან დაიწყო.
ცნობილია, რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტრომ ერთ მილიონამდე ლარი დახარჯა, სულ კი ბათუმში საახალწლო დღეებში 23 კონცერტი გაიმართა, თუმცა თითქმის არც ერთ მათგანს მაყურებელი არ დასწრებია.
წინა წლებისგან განსხვავებით ბათუმი წელს სადღესასწაულოდ არც უცხოელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა.

Comments
Loading...