“ძალიან რომ ვუყვარვარ, ციხიდან ამიტომ გამოიქცა” – რას ამბობს ჯვრისწერის სუფრაზე დააკავებული პატიმრის მეუღლე

 

“ერთ-ერთ რესტორანში ჯვრისწერას აღვნიშნავდით, პოლიცია რომ შემოვიდა და დააკავეს”

აგვისტოში ციხიდან გაქცეული პატიმრის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო, მას სამართალდამცავები თითქმის 2 თვე ეძებდნენ.
ის სასჯელს რუსთავის მე-6 პენიტენციარულ დაწესებულებაში, ქურდობის, ყაჩაღობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა. ვარამაშვილის “მოხერხებულობა” მხოლოდ პურისგან ხელყუმბარის დამზადებით არ დამთავრებულა, ძებნილობის პერიოდში მან საყვარელ გოგოზე ქორწინება მოასწრო. სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა ჯვრისწერას ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავდა.

patimris-coli

პატიმრის მეუღლე, ლიზა ვასაძე ამბობს, რომ ოთარი ციხიდან მასთან ერთად ყოფნის სურვილით, დიდი სიყვარულის გამო გამოიქცა და იმედი აქვს, რომ სამართალდამცავები ამ გარემოებას გაითვალისწინებენ.

ლიზა ვასაძე, ოთარ ვარამაშვილის მეუღლე:
– მე და ოთომ ერთმანეთი 5 წლის წინ გავიცანით. საერთო მეგობრები გვყავდა და ჩვენც დავმეგობრდით. მერე ერთმანეთი მოგვეწონა, შეგვიყვარდა, მაგრამ მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ერთად ყოფნა ვერ მოვახერხეთ. ის დააკავეს. მართალია, ციხიდან მირეკავდა, მაგრამ სანახავად ვერ შევდიოდი, რადგან არც ჯვარი გვქონდა დაწერილი და არც – ხელი მოწერილი.

ყოველ დარეკვაზე მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი და როგორც კი თავისუფალი იქნებოდა, ერთად ვიცხოვრებდით. ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიურად წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო.

– მაშინ რატომ არ მიიღეთ ქორწინების გადაწყვეტილება?
– მაშინ სხვა ხელის შემშლელი გარემოება არსებობდა… ძალიან რომ ვუყვარვარ, ციხიდან ამიტომ გამოიქცა, სხვაგვარად ჩემი ნახვის საშუალება არ ჰქონდა. თუმცა, გარეთ ძალიან ცოტა დრო გაატარა…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

– აქამდე ქორწინებაში არ ყოფილხარ?
– ეს მეორე ქორწინებაა. 17 წლის ვიყავი, პირველმა მეუღლემ რომ მომიტაცა. ერთად 5 წელი გავატარეთ. მასთან ისე ვცხოვრობდი, ვერ შევიყვარე. ჯვარი არ მქონდა დაწერილი, მაგრამ ხელმოწერილები გახლდით. მერე ოთო გავიცანი და გრძნობა ამ ადამიანის მიმართ გამიჩნდა… ერთი ქალიშვილი მყავს. სხვა დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა.

– გამოდის, რომ შენ ის მხოლოდ დაკავების დღეს ნახე, არა?
– დიახ. მერე ერთ-ერთ რესტორანში ჯვრისწერას აღვნიშნავდით, პოლიცია რომ შემოვიდა და
დააკავეს. რესტორანში მხოლოდ

ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით.

– დაკავების სცენა შეგიძლია, გაიხსენო?
– ძალიან მძიმე წუთები იყო. ჩვენ რესტორნის კუპეში ვიყავით, სპეცრაზმი შემოვიდა და აიყვანეს. შოკისგან გონზე ვერ მოვდიოდი. თავად სამართალდამცავებს უთხრა, – მანდილოსანს წესიერად მოექეცითო. ის ჩემს მდგომარეობაზე დარდობდა. ამ დაკავებას ბუნებრივია, ხმაურიც მოჰყვა. ხელმოწერა ვერ მოვასწარით, მაგრამ ეს პატიმრობის დროსაც არის შესაძლებელი. ხელს აუცილებლად მოვაწერთ. არ მინდა, ოთოს ნახვა გამიჭირდეს.

წყარო: ჟურნალი გზა

 

Comments
Loading...