საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ლაშა ტალახაძემ 2016 წლის განსაკუთრებით წარმატებული სეზონი კიდევ ერთი ტიტულით დახურა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და რეკორდსმენმა, ისრაელის ქალაქ ეილათში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და პირველობა ოქროს მედლით (ასევე 2 მცირე ოქრო ატაცსა და აკვრაში) და ახალი რეკორდით დაასრულა.
ლაშა ტალახაძემ პირველი მოძრაობა ატაცი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 205 კილოგრამით დაასრულა, მეორე მცირე ოქროს 235-კილოგრამიანი შტანგის აკვრით დაეუფლა, ორჭიდში კი 440 კილოგრამი მოაგროვა და უახლოეს მდევარს – რუს ანტონ სავჩუკს 42 კილოგრამით აჯობა.
ისრაელში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში სულ 22 მედალი მოიპოვა.