პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ კომპანია „გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკებების პროცესში მაქსიმუმი გააკეთა, რაც შეიძლება გაკეთებულიყო.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ის, რომ ტრანზიტის საფასურის გადახდა ნატურის ნაცვლად ფულით ხდება, მაქსიმუმი იყო, რისი მიღწევაც შეიძლებოდა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, ქართული მხარისთვის ძალიან ოპტიმალური ვარიანტი გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, არც მოსახლეობა, არც ბიზნესი და არც საქართველოს ინტერესები არ დაზარალდება.
„არც ერთი ოპონენტი არ აფიქსირებს, რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას უფრო მეტი და არ გააკეთა. მაქსიმუმის მაქსიმუმი გაკეთებულია. უფრო მეტის მიღწევა კი, შეუძლებელი იყო. ამ ხელშეკრულებაში ქართული მხარისთვის ძალიან კარგი პირობაა ჩადებული. ქართული მხარისთვის ძალიან კარგი და მომგებიანი პირობებით ყველაფერი გაკეთებულია. ერთი მხრივ, სატრანზიტო ფუნქცია შევინარჩუნეთ, მეორე მხრივ, რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მოწოდება შევინარჩუნეთ“, – განაცხადა ძიძიგურმა.
კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ ხელშეკრულება გაგრძელდა, რომლის თანახმადაც, ტრანზიტის საფასურის გადახდა არა ნედლეულით ანაზღაურების ფორმით, არამედ ფულადი ანაზღაურებით მოხდება.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. ახლა კი, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს.
ახალი ხელშეკრულება ორწლიანია, რომლის თანახმადაც, პირველ წელს, ნედლეულით ანაზღაურების ფორმა ნაწილობრივ კვლავ რჩება, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.
საპარლამენტო ოპოზიცია ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს.