ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატის ლევან სამუშიას ინფორმაციით, საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება.

როგორც სამუშიამ „ინფო 9“-ს განუცხადა, თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს ხვალ, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.

საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, დავით წიფურია, გიზო ღლონტი და ნუგზარ კაიშაური, რომელთაც თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებიდან 8 თვის შემდეგ, მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

გასული წლის 16 მაისს, ყოფილი მაღალჩინოსნები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

Comments
Loading...