ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები თვითდაზიანებებით იმუქრებიან

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ინტერესებს ალეკო ელისაშვილის დახმარებით ორი ახალი ადვოკატი – მალხაზ ჯანგირაშვილი და დავით კორკოტაშვილი დაიცავენ, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამ საქმეში მსჯავრდებულის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანასტასია ზაუტაშვილს ალეკო ელისაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში გამართულ შეხვედრაზე დაპირდა, რომ მსჯავრდებულების განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმეების გამოძიებაში დაეხმარებოდა.

“შეხვედრა შედგა საპატიმრო პირობებში. ამ შეხვედრაზე ბატონმა ელისაშვილმა როდესაც მოისმინა ქალბატონი ანასტასიასგან საქმეების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, გამოთქვა სურვილი დახმარებოდა ამ თუ იმ ფორმით, რომ მიღწეულიყო შედეგი. ეს დახმარება იმაში აისახა, რომ მისი ნდობით აღჭურვილი ადვოკატები ჩაერთვენენ ამ საქმეში და ერთობლივი კოორდინაციით გავაგრძელებთ მსჯავრდებულების ინტერესების დაცვას”, – განაცხადა ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. საქმეზე მსჯავრდებულები მოითხოვენ მათი ცემა-წამებისა და სხვა მიმართულებებით დაწყებული გამოძიება წარიმართოს ეფექტურად და დამნაშავეები დაისაჯონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სხეულის თვითდაზიანებებით იმუქრებიან.

“აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე – პატიმართა ცემა-წამების, მოწმეთა ცემა-წამების, თანხების მითვისების და სხვა ფაქტებზე. დღემდე განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ არც ერთ საქმეზე პროკურატურა არ აპირებს არანაირი შედეგის დაყენებას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეფექტური საგამოძიებო მოქმედებებიც არ მიმდინარეობს. მე დამიკავშირდნენ მსჯავრდებულები და მითხრეს, რომ ისინი აპირებენ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ზომას – სხეულის დაზიანებას. თუ პროკურატურა აღნიშნულ პირებს არ ცნობს დაზარალებულებად, თუ პროკურატურა არ მოგვცემს საშუალებას გვქონდეს წვდომა საქმის მასალებზე, თუ პროკურატურა დამნაშავეებს არ მისცემს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მსჯავრდებულები აპირებენ მიმართონ პროტესტის ამ უკიდურეს ზომას”, – განაცხადა ნიკოლაძემ.

Comments
Loading...