ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვეშის განაპირას 45 წლის კობა ხუბულაშვილი დააკავეს

ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთში დღეს გამართული მოლაპარაკებისას ცნობილი გახდა, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის განაპირას ორი დღის წინ ადგილობრივი მცხოვრები, 45 წლის კობა ხუბულაშვილი დააკავეს.

ხუბულაშვილი ამ დრომდე ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში რჩება. დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურამ მას ბრალი დასდო დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და ჯარიმის სახით 2 000 რუსული რუბლის გადაეხდა დააკისრა.

გამგებლის წარმომადგენელი ქვეშში თეიმურაზ ხადური აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ახლობლებმა ე. წ. საჯარიმო თანხა უკვე გადაუგზავნეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და, შესაბამისად, ელოდებიან, რომ დაკავებულს გაათავისუფლებენ.

თეიმურაზ ხადურის ინფორმაციით, კობა ხუბულაშვილი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადასულა და სოფელ ქვეშის განაპირას, საკუთარი ხილის ბაღის სიახლოვეს სატაცურს კრეფდა, როდესაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იგივე ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის პერიმეტრზე 9 ადამიანია დაკავებული, თუმცა, მათგან რვა გათავისუფლებულია. რაც შეეხება კობა ხუბულაშვილს, ის ცხინვალის იზოლატორში რჩება. პატიმრობაში რჩება გიორგი გიუნაშვილიც, რომელიც 2016 წლის ზაფხულში დააკავეს და დე ფაქტო პროკურატურამ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი, თუმცა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ გიუნაშვილის მიმართ ამნისტირების საკითხი ან სხვა ფორმით ბრალის გადახედვის საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

წყარო: ipn.ge

Comments
Loading...