პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფხალაძე და ზურაბ ჯამალაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
როგორც ფხალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცხრა თვის განმავლობაში, ის პროკურატურის პირადი ტყვე იყო და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება ვერ შეძლო.
„საქმის არსებითი განხილვა ხუთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. პროკურატურამ თავისი მოწმეები შეგნებულად არ დაკითხა. რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი. ამ ცხრა თვის განმავლობაში მე პროკურატურის პირადი ტყვე ვიყავი და არ მომცეს საშუალება იმისა, რომ ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩამეტარინებინა“, – აღნიშნა ირაკლი ფხალაძემ.
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე მიმდინარე წლის 15 მარტს დააკავეს. დაკავებულებს ცხრათვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურათ.
ამავე საქმეზე დაკავებული გელა ღურწკაია კი, სასამართლო დარბაზიდან პატიმრობის ცხრათვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, პირველ ნოემბერს გაათავისუფლეს.