ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი, რევაზ შიუკაშვილი, ირაკლი ყიფშიძე და გიგლა შიოშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურათ და ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლომ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულები დღეს გაათავისუფლა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა, ბრალდებულების დანაშაულის დასამტკიცებლად მტკიცებულებათა ერთობლიობა არსებობს.
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი კი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გამამართლებელი განაჩენი დადგება.
სახელმწიფო ბრალდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ექვს თანამშრომელს დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სამართალდამცველებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს.