თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, დაცვის მხარე კი, დავით დევნოზაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე რამდენიმე დღის წინ გახსნა და ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე, დაკავებულ იქნა შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.
ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.
პროკურატურის ინფორმაციით, ფოტორეპორტიორების დაპატიმრება და გამოგონილი ბრალდებით – ჯაშუშობაში დადანაშაულება, წარმოადგენდა წინა ხელისუფლების ანგარისწორებას, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გავრცელების გამო.