ეკა ბესელია: ალეკო ელისაშვილმა პარლამენტს მიაყენა შეურაცხყოფა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმიანება. მისი თქმით, დეპუტატი ვალდებულია დაამტკიცოს ის ბრალდებები, რომლის მიხედვითაც ამნისტიის პროცესში პოლიტიკოსები ცდილობენ ჩართვას და თავიანთი ინტერესების განხორციელებას. ,,თუ ამას ვერ გააკეთებს, თავად ბრალმდებელი უნდა დაისაჯოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა 20/30–ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

,,პოლიტიკაში ბევრი რამ მინახავს და აღარაფერი მიკვირს, მაგრამ ის, რაც მოვისმინე, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ელისაშვილს პასუხისმგებლობა აკისრია, რომ გარდა ცილისმწამებლური, ბრალდების შემცველი განცხადებებისა, კონკრეტული ფაქტები წარადგინოს. მას ამის გაკეთება მოუწევს და თუ ვერ მოახერხებს, ასეთი განცხადებებისთვის ან ბოდიშს მოიხდის, ან პასუხს აგებს. ასეთი უაპელაციო ბრალდებები როგორ შეიძლება?! თუ რომელიმე პოლიტიკოსი უზნეობას ჩადის და ადამიანს ანგარების სანაცვლოდ ეხმარება, უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ეს ცრუ ბრალდებაა, მაშინ ბრალმდებელი უნდა დაისაჯოს.”, – გაანცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, ის პირადადაა დაინტერესებული გამოაშკარავდეს ყველა სამართალდარღვევა. ეკა ბესელია, ვარაუდობს, რომ შესაძლებელია მსგავსი ტიპის ბრალდებები არჩევნების მოახლოებასთან იყოს დაკავშირებული.

,,ელისაშვილმა კეთილი ინებოს და თუნდაც ერთი ადამიანის გვარი დაასახელოს, ვინც პოლიტპატიმართა სიაში ანგარებით მოხვდა. მან ამ განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა 215 პოლიტპატიმარს, შეწყალების კომისიის ღირსეულ წევრებს და პარლამენტს. მე პირადად ვარ დაინტერესებული, რომ ყველა დეტალი გამოაშკარავდეს და საზოგადოებამ გაიგოს, ვინ ცრუობს, ან რას რატომ აკეთებს; ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილია, შეთანხმებაა, გარიგებაა, თუ რა არის?! ” – განაცხადა ეკა ბესელიამ 20/30–ის პირდაპირ ეთერში.

Leave A Reply

Your email address will not be published.