ეკა ბესელია მოსამართლეებზე – პირველადი ინფორმაციით, კვალი სააკაშვილის ხელისუფლებისკენ მიდის

არავის გაუკვირდება, რომ კიევიდან კვლავ ვიღაცა ვიღაცის მოსყიდვას ან ზეწოლის მოხდენას ცდილობდეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ, მოსამართლეების საქმიანობაში შესაძლო ჩარევის ფაქტზე კომენტირებისას განუცხადა.

ბესელია მართებულად მიაჩნია პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, ვინაიდან როგორც აღნიშნა, გამოძიებით დადგინდება, თუ ვინ ახდენდა ან ცდილობდა მოეხდინა ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე.

“არავის გაუკვირდება, რომ კიევიდან კვლავ ვიღაცა ვიღაცის მოსყიდვას ცდილობდეს ან ცდილობდეს ზეწოლის მოხდენას. სასურველია, რომ ესოდენ რეზონანსული, „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდნენ და ყოველგვარ ეჭვს მიღმა იდგნენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, პროკურატურამ ყველა კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის განცხადება, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას სუს-ი ახორციელებდა, “იაფფასიანი, ცრუ მანევრია”.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში აგრძელებს ცილისმწამებლურ კამპანიას და კვლავ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს. ასე რომ, პირველადი ინფორმაციით, კვალი სააკაშვილის ხელისუფლებისკენ მიდის. ხელის გაშვერა უსაფრთხიების სამსახურისკენ ესაა „გაღმა შედავების“ ცნობილი და იაფფასიანი ცრუ მანევრი. პროკურატურა თუ მეტ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას ამ საქმეზე, კარგი იქნება”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისივე თქმით, არაერთ შეკითხვას ბადებს რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ჩანაწერიც, რომელშიც აღნიშნული მოსამართლეები არიან ნახსენები.

„ამასაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა ბესელიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...