ეკა ბესელია – “რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის დამონტაჟდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის დამონტაჟდა.
“ინფორმაცია, რომელზეც იყო საუბარი, როგორც გამოძიების დაწყების წინაპირობა, გარკვეული ფაქტების გადამოწმებას ითხოვს. როდესაც ჩნდება ინფორმაცია, პროვოკაციული თუ სხვა ტიპის უკანონო ქმედებების თაობაზე, არ ვფიქრობთ, რომ ლოგიკურია კითხვა, რატომ გვიცავს ჩვენ პოლიცია?! პოლიცია უნდა იცავდეს ყველას. თუკი შესაძლებელია რაიმე ტიპის პროვოკაცია, ეს საფრთხეები მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ, მერე რომ არ გაჩნდეს კითხვა, სად იყო ხელისუფლება ან პოლიცია. ეს ღონისძიება გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტების, ტელევიზიის უსაფრთხოება იყოს დაცული და წინასწარ იყოს პრევენციული ღონისძიებები გატარებული. გარე პერიმეტრი არ იყოს ისე, რომ სამართალდამცავების მხრიდან ყურადღება მოდუნდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ტელეკომპანიის ეზოში დამონტაჟებულ კამერებს შენობის შიდა პერიმეტრზე წვდომა არ აქვს. “ტელევიზიის შიგნით, თუ რაიმე ტიპის დახურული შეხვედრები იქნება, ბუნებრივია, ამ კამერებს წვდომა არ აქვს. შიდა სამზარეულოში ვერავინ ჩაერევა. ამის უფლება არავის აქვს”, – ამბობს ბესელია.

Leave A Reply

Your email address will not be published.