ელჩის მკვლელი ცოტა ხნის წინ რუსეთის საელჩოს დაცვაში მუშაობდა
თურქი პოლიციელი მევლუთ მერთ ალტინტაში, რომელმაც გუშინ რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლა, ცოტა ხნის წინ რუსეთის საელჩოს დაცვაში მუშაობდა და რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას იცავდა მაშინ, როდესაც ალეპოს მოვლენების გამო საელჩოსთან ანტირუსული საპროტესტო აქციები იმართებოდა.
თურქული მედიის ინფორმაციით ალტინტაში თავდასხმას საგულდაგულოდ ამზადებდა. მან სამსახურში უქმე დღე აიღო და სასტუმრო დაჯავშნა, იმ ადგილთან ახლოს, სადაც მან ელჩზე თავდასხმა განახორციელა. მან სასტუმროს ნომერში გამოიცვალა, პიჯაკი ჩაიცვა და გამოფენაზე ფეხით გაემართა. შესასვლელში მან პოლიციელის მოწმობა წარადგინა.
საერთო ჯამში საგამოფენო დარბაზში ალტინტაშმა 11 ტყვია გაისროლა, 9 მათგანი რუსეთის ელჩს მოხვდა. თავდამსხმელის ლიკვიდაცია თურქეთის სპეცრაზმმა განახორციელა. მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს 6 პირი, ყველა მათგანი ალტინტაშის ნათესავია.
აღნიშნულ თავდასხმას რუსეთში ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. მომხდარის გამოსაძიებლად თურქეთში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები გაემგზავრნენ, რომელთაც უკვე დაიწყეს ადგილზე გამოძიების წარმოება.
წყარო: newpsots.ge