საპარლამენტო უმცირესობის წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით, მაშინ, როცა “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ქვეყნის განვითარებისთვის კომისიის ლეგიტიმურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
“სამწუხაროდ, ოთხი წელი ,,ქართულ ოცნებასა” და პრეზიდენტს შორის კინკლაობას ვუყურებთ, რომელსაც საქართველოს ბევრი ინტერესი შეეწირა. ძალიან ცუდია, რაც ხდება. ასეთ ფუნდამენტურ საკითხზე ისევ კინკლაობის რეჟიმში ვართ”, – განაცხადა ხოშტარიამ.
საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიას თანათავმჯდომარეები არ ეყოლება, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყვნენ.
პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს, თუმცა გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატის „აქტიურად ამუშავებას“ გეგმავს.