ელენე ხოშტარია: ვაკე ნამდვილად წავაგე, მე ამ არჩევანს პატივს ვცემ

“უსამართლო ბრძოლაში ყველაზე საშიში არა მოწინააღმდეგის უნამუსობა ან ძალაა, არამედ უიმედობა, რომელმაც შეიძლება ხელები ჩამოგაყრევინოს. არცერთი წამი არ უნდა გავიკაროთ ეს განწყობა. მათ ჰყავთ სუსი, ჩვენ გვყავს გულანთბული ხალხი, ახალგაზრდა, ენერგიული, გონებაგახსნილი და პოზიტიური “, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. ხოშტარია მიმართავს ვაკის ამომრჩეველს და პირდება, რომ წაგების შემდეგაც გააგრძელებს მათი ნდობის მოპოვებას და მათი პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლას.

“მათ აქვთ ბევრი ფული, ჩვენ გვაქვს იდეა და რწმენა ამ იდეის. მათ აქვთ კარიერის წყურვილი, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ, ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანებზე და გავაგრძელოთისეთივე შემართებით, როგორც აქამდე.

მიუხედავად უნამუსო მანიპულაციებისა, მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დავფიქრდეთ, რატომ ვერ მოვიპოვეთ ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, დავფიქრდეთ და კარგად გავითვალისწინოთ სამომავლოდ. დღეს ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, როგორც, სამწუხაროდ, ერთადერთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიას.

ორი სიტყვა ვაკეზე. მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, მე ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე. მე დღეს ვაკემ ნდობა არ გამომიცხადა და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ. ესე იგი, მე ვერ დაგარწმუნეთ რაღაცაში, მე ვერ მოგისმინეთ საკმარისად, ესე იგი მე ჯერ არ ვიმსახურებ თქვენს ნდობას. მაგრამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, მე ერთი წამი არ მოვშორდები იმ პრობლემებს, რაც ამდენი თვის განმავლობაში ვნახე. მე გვერდით დავუდგები ყველას, მიუხედავად იმისა, მომცეს ხმა თუ არა. კამპანიის დროს ბევრჯერ მითქვამს ამომრჩევლისთვის, რომ მე არჩევნების მერე არ გავქრები. ეხლა კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, წაგების მერეც არ გავქრები, გავაგრძელებ თქვენი ნდობის მოპოვებას და თქვენი პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლას, ვაკეში, წყნეთში, ახალდაბაში.

ჩემს კონკრეტულ გეგმებს გაგაცნობთ ძალიან მალე”, – წერს ხოშტარია.

Comments
Loading...