ელისა, ალასა და ელისო საოცრებათა ქვეყანაში

არჩევანი ისეთი ფართოა, პირდაპირ, აღარ ვიცით, რომელი საოცრებით დავიწყოთ _ “მილიონერი პატიმრებით”, “სასწაულმოქმედი დიპლომატიური სამკუთხედით” თუ “ძალიან ინფორმირებული ჩიტით”.

მართლაც, ბევრი საოცრება ხდება ამ ქვეყანაში და “ჯადოსნური სარკის” როლს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ასრულებს. ამ ტელევიზიის თანამშრომლებისთვის ნამუსთან არავითარ შეუსაბამობას არ წარმოადგენს ის, რომ, ვინც გუშინ “ყველაზე მახინჯი”, “ყველაზე უდონო”, “ყველაზე სამარცხვინო” და “ყველაზე უტვინო” იყო, დღეს პირიქით _ “ვსეხ კრასივეე, ვსეხ მილეე, ვსეხ უმნეე”-დ წარმოგვიჩინოს.

თითქმის ათეული წლის განმავლობაში, “რუსთავი 2”-ისთვის რომ გეკითხათ, ირაკლი ალასანია “არასერიოზული ტიპი” იყო, ალეკო ელისაშვილი _ “შეურაცხადი, უტვინო და პოპულისტი”, ხოლო ელისო კილაძე ხომ საერთოდ _ “ბანძი” “უდონო” “გოიმი” “ჭორიკანა”!

თუკი ვინმე გაუბედავდა და შეეკითხებოდა, ამ ხალხს რატომ არასოდეს იწვევთ ეთერშიო, პასუხი გატეგორიული იყო: “ისეთი ძალიან სერიოზული და სოლიდური ტელეკომპანია, როგორიც ქყვეყანაში ყველაზე რეიტინგული და სანდო “რუსთავი 2”-ია, ასეთ პერსონებს ეთერს ვერ დაუთმობს. ეს უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ტელევიზიის იმიჯზე და ჩვენი დახვეწილი მაყურებელი ამას ცუდ ტონად ჩაგვითვლისო, _ ამაყად აცხადებდნენ “რუსთავი 2”-ის მესვეურები.

ამიტომაც არის საინტერესო მათი აზრი ახლა, ნეტავ, ირაკლი ალასანიას მოემატა “სერიოზულობა”, ალეკო ელისაშვილმა შეიძინა “შერაცხადობა” თუ ელისო კილაძე გახდა “სვეტი” და “პრადვინუტი”?

ასეა თუ ისე, ფაქტია _ ირაკლი ალასანიაც, ალეკო ელისაშვილიც და ელისო კილაძეც, ბოლო ორიოდე თვეა, “რუსთავი 2”-ის ყველაზე სასურველი სტუმრები და ყველაზე “სანდო რესპონდენტები” გახდნენ.

გიორგი გაბუნიას განსაკუთრებით შეუყვარდა ეს სამეული, შეიძლება ითქვას _ შალვა ნათელაშვილზე მეტადაც კი!

მათი წარმოთქმული არც ერთი ფრაზა, არც ერთი სიტყვა, არც ერთი ინტიონაციაც კი არავითარ ეჭვს აღარ იწვევს, კითხვის შებრუნებაც აღარ არის საჭირო! ამ ტელეკომპანიის “რესპონდენტთა გაწურვით” სახელგავარდნილ წამყვანებსაც და მათ მაყურებლებსაც უაპელაციოდ სჯერათ, რომ ალასანიამ ჩამოაშორა ხელისუფლებას სააკაშვილი და ახლა მეტროში და სხვა ტრანსპორტში ხალხი ერთხმად უჭერს მხარს “თავისუფალ დემოკრატებს”, რომ “რომელიღაცა ჯერვერდასახელებული პატიმრის ასევე ჯერვერდასახელებული გულშემატკივრები ერთ მილიონ ლარს იხდიდნენ იმაში, რომ იგი შეწყალებულთა სიაში ჩაესვათ”, რომ “მალე გასაჯაროვდება დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც მოქმედი მთავრობის წევრები ხალხს სისხლს სწოვენ” და ასე შემდეგ.

არა, ძალიანაც რომ ვამტკიცო, დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი და მეხოტბე ვარ-მეთქი, სხვა თუ არაფერი, ამას ამ ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ დაიჯერებენ ჩემგან, მაგრამ შეუძლებელია, არ ვთქვა, რომ ელისას, ალასას და ელისოს ასე დაბეჯითებითი ჩახუტება “რუსთავი 2”-ისგან ძალიან საფუძვლიან ეჭვს იწვევს.

რა თქმა უნდა, “რუსთავი 2”-ს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ იგი ეჭვთა ჯაჭვის მთავარი კვანძია, თორემ ისე, საეჭვო სხვაც ბევრი რამაა.

მაგალითად, ის ფაქტი, რომ “ნაციონალებისაგან” აგორებული რაიმე კონკრეტული მესიჯი უმალ ხდება ხოლმე როგორც ელისას, ასევე ალასას და მათ კვალდაკვალ _ ელისოს მიერ ატაცებული და ისინი ხმაშეწყობილად საუბრობენ იმავე “პრობლემაზე” რაზეც “ნაცები” იწყებენ “პირველ ხმას”.

სხვათა შორის, “პირველი ხმაც” _ მხოლოდ სიმბოლური ტერმინი არ არის ამ შემთხვევაში და ის, ჩემი აზრით, სავსებით ლოგიკურად გვირგვინდება “ბანით”.

დიახ, “ბანით”, რომელიც ასევე მოულოდნელად და “ჯადოსნურად” შეუყვარდა ბოლო დროს “რუსთავი 2”-ს.

დიახ, ეს სწორედ ის “ბანია” რომელიც, სულ რაღაც, ოთხიოდე წლის წინათ იმავე “რუსთავი 2”-ის მეტად “მრისხანე” წამყვანთა სიტყვებით: “მოსკოვში, კრემლში პუტინს უმღეროდა”!

დიახ, ეს სწორედ ის “ბანია”, რომელიც “ქართველი ხალხისთვის, უკვე კარგა ხანია, მიუღებელი გახდა”…

მაგრამ, აბა, ჩვენ რისთვის გვაქვს “საოცრებათა ქვეყანა”?!

პაატა ბურჭულაძე _ “რუსთავი 2”-ზე სტუმრობისას:

“მე დარწმნუნებული ვარ, რომ მისმენენ. დიახ, რიოდესაც მე ვსაუბრობ ჩემს ახლობლებთან, უცხოელ მეგობრებთან ტელეფონით, მობილური უცებ ითიშება ხოლმე და მე მერე მათთვის მიწევს ახსნა, რაღაცების. ხანდახან იმის თქმაც მიწევს, რომ მისმენენ, რადგან სხვა გზა აღარ მრჩება”.

აი, ბატონო, როგორი “რკინის ლოგიკით” გვიმტკიცებს ბატონი “ბანი”, რომ მას უსმენენ. თან უცხოეთში იმის პროპაგანდასაც ეწევა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოსმენებით არის დაკავებული და ამას, აი, ამ “ზღაპრულ-ჯადოსნური” მიზეზით ხსნის _ “მეტი გზა აღარ მრჩება”.

ბატონ “ბანს” 9 წლის განმავლობაში ერთხელაც არ შეჰპარვია თურმე ეჭვი, რომ უსმენდნენ, რადგან უცხოელ მეგობრებთან ლაპარაკისას ტელეფონი თურმე ერთხელაც არ გათიშულა და სულ ლიწინ-ლიწინით მიდიოდა საუბარი!

ყოველ შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც ტელეეთერები მიჰქონდა ფარული მიყურადების ჩანაწერებს და მთავრობა სულაც არ დაგიდევდა მათ კანონიერებას, ისე აქვეყნებდა ფარულად ჩაწერილ პირად საუბრებს, მაშინ “ბანის” ერთი “კრინიც” კი არავის გაუგონია ამ თემაზე.

ახლა კი, რა თქმა უნდა, როდესაც უცხოელ მეგობარს ელაპარაკებით საერთაშორისო ხაზით და უცებ ზარი შეწყდება, რა თქმა უნდა, იმ მეგობარს უნდა უთხრათ, რომ თქვენ ძალიან ცუდი მთავრობა გყავთ და ეს მთავრობა ფარულად გისმენთ. აბა, რა! საერთაშორისო ზარში ხარვეზის სხვა უფრო ლოგიკური ახსნა განა არსებობს?

მერე რა, თუკი სწორედ იგივე სისულელე ორიოდე კვირით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილმა სახემ დაწერა სოციალურ ქსელში, ზოგმა კი ეთერშიც განაცხადა. ეს, უბრალოდ, დამთხვევაა.

დამთხვევაა ისიც, რომ ზუსტად იგივე _ მითვალთვალებენ, ვერცხლისფერი “ბე-ემ-ვე” დამსდევს და მისმენენ _ ორიოდე კვირის შემდეგ ალეკო ელისაშვილმაც გაიმეორა და ერთი ამბავიც აწია მედიით.

დამთხვევაა, როდესაც ელისო კილაძეც იმავე თემით ტეხს აურზაურს, _ მალე გამომჟღავნდება ფარული მიყურადების ახალი ფაქტები. მერე რა?! ჟურნალისტია და მოიპოვა, ბატონო, “ჩიტისგან” კონფიდენციალური ინფორმაცია…

მოკლედ, ამ ჩვენს “საოცრებათა ქვეყანაში” უკვე იმდენი “მერე რა” გვაქვს, რომ ამ “მერე რა”-ებზე დაკვირვებით სრულიად თავისუფლად შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, ვინ ვისთან არის ფარულად დაკავშირებული და სრულიად თამამად შეგვიძლია, ტოტალიზატორზეც კი დავდოთ “ლაბავოი ორიანი” და სრულიად დარწმუნებული ვიყოთ, რომ 2016 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ყველა ეს პროგნოზი აუცილებლად გამართლდება.

სხვათა შორის, ელისას ახალი “გამბიტი”, ანუ შეწყალების კომისიაზე ზემოქმედებაში “ოცნების” წარმომადგენელთა ბრალდება და, საზოგადოდ, პატიმართა შეწყალების თემაზე დიდი ხმაურის აწევა “ნაციონალების” ერთ-ერთი, დროებით მივიწყებული “კოზირია”.

თუ გავიხსენებთ, სწორედ ეს თემა იყო, რომლითაც ახალდამარცხებულმა “ნაცებმა” 2013 წლის დასაწყისშივე “ქოცებზე” პირველი იერიში მიიტანეს და, როგორც მახსოვს, ამას პარლამენტში, სიტყვიერი შეხლა-შემოხლის გარდა, ფიზიკური გაწევ-გამოწევაც კი მოჰყვა.

ახლა კი ამას “ღირსეულად” განაგრძობს “წმინდა” ალეკო ელისაშვილი და ღმერთმა უწყის, რას ბურტყუნებს ხოლმე იმის შესახებ, თოთქოს მასზე რაღაც ზეწოლას ახდენდნენ და თურმე ქართველ პატიმრებს იმდენი ფინანსური შესაძლებლობებიც კი ჰქონიათ, რომ არაერთი პატიმრის გარეთ გამოშვებაში, ანუ შესაწყალებელთა სიაში შეტანის სანაცვლოდ, არც მეტი, არც ნაკლები, მილიონ ლარს იხდიდნენ და 200 ათასი ბედ გაუციათ.

გამოცანად რჩება ის, თუ რატომ არაფერი თქვა ორი წლის წინათ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელისაშვილმა ამ მძიმე კანონდარღვევის შესახებ. რაც შეეხება მის სულელურ მტკიცებას, რომ ის თურმე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროკურორებს “მოუყვა” ამ ამბავს, აქ ელისაშვილმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს _ სულელია თუ ქოსატყუილა.

პირველ შემთხვევაში, გამოდის, ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობის პირმა არ იცოდა, რომ პროკურატურაში თუ სხვა ინსტანციაში “ტლიკინით” საქმე არ კეთდება და მათ ოფიციალურად, წერილობით უნდა მიმართო, რათა შემდეგ პასუხიც ოფიციალურად მოითხოვო.

მეორე შემთხვევაში, გამოდის, რომ ელისა, უბრალოდ, ქოსატყუილაა და, როგორც არაერთხელ ყოფილა, მისი ატეხილი აჟიოტაჟი ამჯერადაც სრულიად “ცრუ განგაშია”.

თუმცა, არა! სწორედ მაშინ, როდესაც მე ამ პუბლიკაციისთვის უკვე წერტილის დასმას ვაპირებდი, გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია: “ალეკო ელისაშვილმა პროკურატურას გადასცა თავისი მობილური ტელეფონი, სადაც ინახება რამდენიმე იმდროინდელი მესიჯი, როდესაც ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გახლდათ”.

მორჩა! ახლა კი ვერსად დაუძვრება მართლმსაჯულებას ის ძალიან დებილი ვიღაც “ოცნების” დეპუტატი, რომელმაც ელისაშვილს მესიჯად მისწერა, _ “200 ათასი ბედ მაქვს აღებული”-ო.

კაი, კაცო, რომელი გამოშტერებული მიწერდა მაგას ვინმეს მესიჯად?! განა ვინ არ იცის, რომ მესიჯის შენახვა და მერე მისი გამოყენება გამომგზავნის წინააღმდეგ თავისუფლად შეიძლება?! _ წამოიძახებს, ალბათ, ნებისმიერი ოდნავ მოაზროვნე მკითხველი.

აბა, მაგას არ ვამბობ მეც?!

ან კიდევ: ის რა ცირკია, ელისაშვილი მთელი ორი კვირა რომ გაიძახოდა: “ორშაბათს მივცემ პროკურატურას ტელეფონს”-ო?! რა, თუკი ასეთი მძიმე სამხილებია იმ ტელეფონში, ხუთშაბათს ან პარასკევს მიცემა არ შეიძლებოდა, ან თუნდაც კვირას?!

თუმცა რა, აქ ისეთი “სტრანა ჩუდესი” ტრიალებს და ელისაც, ალასაც და ელისოც ისეთი სისულელეებით წევენ ხოლმე ერთ ამბავს, ეს გამოდებილებული ქართული მედიაც ისეთი ენთუზიაზმით აჰყვა და 24 საათი ჰყავს ხოლმე ტელევიზორში გამოკვეხებული ეს ოდიოზური ფიგურები, რომ სრულიად თავისუფლად შეგვიძლია განვაცხადოთ: “ჩვენთვის კვირა არ არსებობს, პასტაიანად შაფათია, პასტაიანად შაფათია!”

შენ დაუკარ! შენ იცეკვე, შენ “ნიჭიერის” ჟიურიში დაჯექი და ქვეყანაც აშენდება, აბა, რას იზამს?!

წყარო: GEWORLD.GE – ბაკურ სვანიძე

Comments
Loading...