ელისაშვილი კობახიძეზე: ეს თმაგაპუწული და გოგლი-მოგლი ბიჭი რომ გამოდის ახლა და ყვება რაღაცეებს

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილის აქტიურობა 2012 წლამდე არ ახსოვს, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პასუხობს: “თმაგაპუწული, ფაჩუჩებიანი, გოგლი-მოგლი ბიჭი გამოვიდეს და მოყვეს სად იყო 2012 წლამდე, რას აპროტესტებდა.

ელისაშვილი კობახიძისგან ან „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისგან მისთვის და მისი მეგობრებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

”ეს თმაგაპუწული და გოგლი-მოგლი ბიჭი რომ გამოდის ახლა და ყვება რაღაცეებს, თითქოს ჩვენ არაფერს ვაკეთებდით და ის იყო ქართული პროტესტის მედროშე, გამოვიდეს და მოყვეს თვითონ სად იყო 2012 წლამდე, რას აპროტესტებდა. 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს რომ გახდნენ ყველანი დევგმირები და ლომები, ველოდები პასუხს და თუ ბოდიში არ იქნება, შემდეგ ნუ დამაბრალებენ, რომ არაკორექტული ვარ და თავს ვერ ვიკავებ. მოგვიხადოს საჯარო ბოდიში მე და ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და ვმართავდი აქციებს იმელის, მირზა შაფის დასაცავად, ვაკის პარკში ხეების მოჭრის წინააღმდეგ. კობახიძის განცხადება იყო არა მხოლოდ ჩემი, არამედ იმ ასეულობით ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ეშინოდა ”ნაციონალების” დროს, მაგრამ შიშს ებრძოდა, გამოდიოდა ქუჩაში და კობახიძესავით გულგრილი არ იყო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და ირაკლი კობახიძეს მიმართა გადახედოს არქივს, ცირა და ალეკო ელისაშვილების აქტივობის შესახებ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, როგორც ბევრს ჰგონია ირაკლი კობახიძე პატარა, მიამიტი ბიჭი არ არის, ის 38 წლისაა და უნდა მიბაძოს დავით ნარმანიას რამდენიმე საათში ბოდიშის მოხდით.

”ირაკლი კობახიძე ამ თავისი ვარცხნილობით ნამდვილად არ გვახსოვს”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

კითხვაზე, ”სად იყავი 2012 წელს” კამპანიური ხასიათი ხომ არ მიიღო, ელისაშვილმა უპასუხა, რომ ”ქართულ ოცნებაში” ”სისულელემ მიიღო კამპანიური სახე, ჯერ ნარმანიამ აიღო ესთაფეტა, ახლა კობახიძე აგრძელებს და როგორც ჩანს, რიგი დგას სისულელეების თქმის”.

ელისაშვილი იმ შემთხვევაში, თუკი ირაკლი კობახიძე ბოდიშს არ მოიხდის, ”ქართული ოცნების” სხვა ლიდერებისგან ელოდება ამ ნაბიჯს. საკრებილოს წევრი აცხადებს, რომ შეურაცხყოფისთვის სამართლებრივ ბრძოლას არ გეგმავს.

Comments
Loading...