ელისაშვილი: მზად ვარ, ნარმანიას დავუსაბუთო, რომ ტრანსპორტის სისტემა ვერ მოწესრიგდება, თუ „სითი პარკთან“ კონტრაქტი არ გაწყდა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას ტელედებატებში იწვევს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის მერთან პირდაპირ ეთერში „სითი პარკთან“ დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს აპირებს.

„მეც ვარ არჩეული პირი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი. ნარმანია არის ქალაქის მერი – საჯარო პირი. ამდენად, მე მას „სითი პარკის“ საკითხებთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში ტელედებატებში ვიწვევ, სანამ ბიუჯეტი დამტკიცებულა, რადგან ამას ფასი ახლა აქვს. ნებისმიერ ტელევიზიაში დავსხდეთ, იქნება ეს „ქართული ოცნების“ ტელევიზია, თუ ნებისმიერი არხი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, პირდაპირ ეთერში დებატების შემთხვევაში, მზადაა, დავით ნარმანიას შესაბამისი რეკომენდაციები და დოკუმენტები წარუდგინოს.

„მზად ვარ, ნებისმიერი ფორმატით, ჩემი დოკუმენტებით და რეკომენდაციებით მივიდე და პირდაპირ ეთერში, პირისპირ დავუსაბუთო მას, რომ ტრანსპორტის სისტემა ვერ მოწესრიგდება ქალაქში, თუ არ გაწყდა „სითი პარკთან“ კონტრაქტი და პარკინგის შესაბამისი ინფრასტრუქტურა თუ არ შეიქმნა. ათი ავტობუსის შემოყვანით რაიმეს მოწესრიგებაზე საუბარი უბრალოდ ტყუილია“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

Comments
Loading...