ელისაშვილის გარშემო ახალი სკანდალი მწიფდება

შეწყალების საკითხი დაპირისპირების ახალ ფაზაში გადადის. ამჟერად ცნობილი ხდება, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ 22 იანვარს, რუსთავის ქალთა საპატიმროში ანასტასია ზაუტაშვილი მოინახულა. ალეკო ელისაშვილი მსჯავრდებულს კვალიფიციური ადვოკატის აყვანასა და მისი წამების საქმის გამოძიების დაჩქარებას დაპირდა. ელისაშვილი ამბობს, რომ შეხვედრა ზაუტაშვილის სურვილით შედგა და ოთხი საათი გაგრძელდა. ელისაშვილი ამბობს, რომ ზაუტაშვილის ახალ ადვოკატს მალე დაასახელებს. თავად ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე კომენტარს მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

„ანასტასია ზაუტაშვილის განცხადებით, ის და მასთან ერთად დაკავებული ოთხი ადამიანი იყვნენ სასტიკად ნაწამები. ამ ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს, შეჩერებულია. ის ასევე ითხოვს ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადგენას, ექსპერტიზის ჩატარებას. ის აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერში ფრაზები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, სურს ანასტასია ზაუტაშვილს დაეხმაროს მისი წამების ფაქტის გამოძიების დაჩქარებაში, რისთვისაც კვალიფიციური ადვოკატის მოძებნას დაპირდა. მეტიც, ელისაშვილი ამბობს, რომ ეცდება პროკურატურაში ამ საქმის გამოძიება დაჩქარდეს.

„სწორედ ამიტომ შეწყვიტა მან დღეს შიმშილობა. ვეცდები, რომ პროკურატურაში დაჩქარდეს მისი წამების ფაქტის გამოძიება. ასევე უნდა დაჩქარდეს ფარული ვიდეოჩანაწერის ექსპერტიზა აუდიო ავთენტურობის დასადგენად. მე ვეცდები, კვალიფიციური და სინდისიერი ადვოკატი მოვუძებნო, ისეთი ადვოკატი, რომელიც რეალურად ახალი გარემოებების აღმოჩენას ეცდება საქმეში და სასამართლოს გზით ივლის. არ გამოიყენებს მის საქმეს პოლიტიკური სპეკულაციისთვის, როგორც სხვა მისი ადვოკატები ცდილობდნენ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, ანასტასია ზაუტაშვილმა მასთან საუბრისას ისევ არ დაადასტურა კობახიძისა და ბესელიასთვის ფულის მიცემის ფაქტი. ანასტასია ზაუტაშვილი ერთ-ერთია, რომელიც ე.წ. კოკაინის საქმეზეა დაკავებული, ეს კი ის საქმეა, რომელთან დაკავშირებითაც ალეკო ელისაშვილმა მანანა კობახიძე და ეკა ბესელია მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

ელისაშვილი ირწმუნებოდა, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების მოთხოვნით კონკრეტული თანამდებობის პირები მუქარის შემცველ სმს-ებს უგზავნიდნენ. ამ განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. გამოძიებამ უკვე დაკითხა ეკა ბესელია და მანანა კობახიძე.

კოკაინის საქმეზე ბრალდებულ ზაუტაშვილთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურება ვიცე-სპიკერი. მანანა კობახიძის განცხადებით, როგორც ჩანს, ელისაშვილს ხელში ისე შემოეფცქვნა მისივე ფანტაზიები, რომ საშველად ციხეში პატიმარს მიაკითხა.

„როგორ არ გამოვეხმაურო ამ ყოვლად უღირსი, ცრუმოწმის ბოლო ნამოქმედარს?! როგორც ჩანს, ელისაშვილს ხელში ისე შემოეფცქვნა მისივე ფანტაზიები, რომ საშველად ციხეში პატიმარს მიაკითხა, ებოდიშა, დახმარებას შეპირდა, ახალი ადვოკატი შესთავაზა. ვიდრე რამეს განაცხადებ და მოთხოვ პროკურატურას, ჯერ იმ საჩივრების და განცხადებების ბედი მოიკითხე, რაც პარლამენტიდან ამ საქმესთან დაკავშირებით პირადად მაქვს გადაგზავნილი, მე რომ პილიტიკური ქულების დაწერა მდომოდა ამ საქმეზე, შენსავით ვირბენდი ეთერებში სულელური განცხადებებით! დიახ, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, გამოძიების განახლებას ვითხოვდი და წამებაზე ძიების დაწყებას, ჰოდა შედეგი რომ ჭიანურდებოდა, ამიტომ ითხოვა იმ ხალხმა შეწყალება“, – აცხადებს კობახიძე.

მისივე განცხადებით, ელისაშვილმა საბოლოოდ გაწირა ამ საქმეზე ბრალდებულები. დეპუტატი მიმართავს პროკურატურას, დროულად დაასრულოს ელისაშვილის მიერ გავრცელებული ჭორის საფუძველზე დაწყებული გამოძიება და დაამტკიცოს, რომ კორუმპირებული და უღირსი დეპუტატია, ან ელისაშვილის აგებინონ პასუხი ცრუ დასმენისთვის.

„ზუსტად შენ, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, საბოლოოდ გაწირე ეს ადამიანები, ჰოდა, ახლა სინდისმა შეგაწუხა?! ამიტომ სთავაზობ ახლა დახმარებას?! ადვოკატს უნიშნავ, როცა მოქმედი ადვოკატი ყავს ადამიანს და ის არ აუცილებია?! იქნებ საკუთარ ტყავს უფრთხილდები?! სად გაგონილა საქმეში ერთი მოწმე მეორეს დაცვას უნიშნავდეს, რატომ?! შენს ინტერესებში რომ იმოქმედოს იმიტომ?! და ახლა ვინმე დაიჯერებს, რომ შენ მართლა პატიმრის ბედი გადარდებს?! თანაგიგრძნობ, ასე როგორ გაგიჭირდა, თავად გასაჭირში მყოფი პატიმრით ეცადო სამარცხვინო მდგომარეობიდან თავის დაღწევას?!

მივმართავ პროკურატურას, დროულად დაასრულოს ამ ცრუპენტელა ადამიანის მიერ გავრცელებული ჭორის საფუძველზე დაწყებული გამოძიება! ან დაამტკიცეთ, რომ ნაძირალა, მექრთამე, კორუმპირებული, უღირსი დეპუტატი ვარ, ან ამ ადამიანს აგებინეთ პასუხი ცრუ დასმენისთვის, გამოძიების მიმართ ხელშეშლისთვის, ჩვენების მიცემაზე უარისთვის. ორი სიმართლე არ არსებობს და ამის გარკვევას, განა რამდენი დრო ჭირდება…?!“, – აცხადებს მანანა კობახიძე.

ელისაშვილის მიერ მსჯავრდებულის მონახულებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, რომელსაც ასევე ადანაშაულებდა ელისაშვილი ზეწოლასა და ქრთამის აღებაში.

„ყველაფერი თავადვე აღიარა, რომ წინასწარდაგეგმილი დანაშაულებრივი ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყო. თავადვე გაიხლართა ამ სცენარში. რამდენიმე მარტივი კითხვა მაქვს – რა სტატუსით შევიდა მოწმე ელისაშვილი მოწმე ზაუტაშვილთან? რატომ საჯაროდ არ განაცხადა ამის თაობაზე? რატომ შესთავაზა მისი სასურველი ადვოკატი პატიმარ ზაუტაშვილს, როდესაც მას ჰყავს უკვე ადვოკატი. მოწმე ამ ეტაპზე მოწმეს სასურველი ადვოკატის აყვანას სთავაზობს საჯაროდ და არის თუ არა ეს ღია უკანონო ქმედება?

რა სტატუსით უნდა დაეხმაროს უკვე ყოფილი კომისიის თავმჯდომარე მსჯავრდებულს, ძველი „მეგობრების“ იმედად? საინტერესია, ახლა შეაწუხა „სინდისმა“ იმ პატიმრების გამო, ვინც თავისი ცილისწამებით და ტყუილებით გაწირა? ყველა ამ და სხვა კითხვაზე პასუხი ცნობილია! იმდენად გაეხლართა საკუთარ ტყუილებში ეს ყველაფრის მკადრებელი ბიჭი, რომ ასეთი ფატალური შეცდომა დაუშვა“, – აცხადებს ეკა ბესელია.

დაარღვია თუ არა ელისაშვილმა კანონი, როდესაც მოწმე ამ საქმის მთავარ მოწმეს სასურველი ადვოკატის აყვანა შესთავაზე, იურისტი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ჯერ გასარკვევია თავად ელისაშვილი რა სტატუსით შევიდა მსჯავრდებულთან. სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია კი აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონი არანაირი შეზღუდვას არ აწესებს.

„რა თქმა უნდა, შეუძლია აუყვანოს ადვოტაკი, თუკი ეს გადაწყვიტა პატიმარმა. ის, რომ ორივე მოწმეა, ეს არანაირ შეზღუდვას არ უწესებს მას. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ელისაშვილი და ზაუტაშვილი ერთ მხარეზე არიან“, – ამბობს ლია მუშხაშვრია.

რაც შეეხება ვიცე-სპიკერის მოწოდებას პროკურატურის მიმართ, რომ დროულად დაასრულონ ელისაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიება, მუხაშავრია აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში, რასაც პროკურატურა აგრძელებს.

„რა დადო დროულად ჩვენმა პროკურატურამ, რომ ეს საქმე დადოს დროულად? 8 წელია ვერ გამოიძიეს 2008 წლის ომის საქმე, აგერ ნახავთ, რა მალე დადებს დასკვნას ჰააგის პროკურორი. ამიტომ, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური თამაშები, რასაც პროკურატურა აგრძელებს“, – აცხადებს ლია მუხაშავრია.

for.ge

Comments
Loading...