ემანუელ მაკრონი – ფრანგული მეტეორი მსოფლიო პოლიტიკაში და ზეიმი სიმბოლური მინიშნებებით

საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონი ჰქვია. ის 39 წლისაა. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გამარჯვების აღსანიშნავად სიმბოლური ადგილი შეარჩია- ლუვრის ესპლანადა.

როგორც ფრანგული მედია ვარაუდობს, ადგილის შერჩევის მთავარი მიზეზი იყო ის რომ En marche-ს დაფუძნებელს არ სურდა გამოეყენებინა ისეთი ადგილები, რომელიც პოლიტიკურ ასოციაციებს გამოიწვევდა რომელიმე სხვა ძალასთან. კონკორდის მოედანი ან ტროკადეროს სასახლე ხალხს მემარჯვენეებს ახსენებს, 2007 წელს ნიკოლა სარკოზიმ თავისი გამარჯვება სწორედ კონკორდის მოედანზე აღნიშნა, ტროკადერო კი ფრანსუა ფიიონის დემონსტრაციასთან ასოცირდება. მემარცხენეების მონიშნულია ბასტილიის მოედანი, სადაც მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ 2012 წელს ფრანსუა ოლანდი მხარდამჭერებს შეხვდა, რესპუბლიკის მოედანი კი ჟან ლუკ მელანშონის და ბენუა ამონის მიტინგებს აგონებს ხალხს. სწორედ ამიტომ მაკრონის მიერ ლუვრის ესპლანადას შერჩევა მემარცხენეებისა და მემარჯვენეებისგან დისტანცირების და ამით პოზიციონირებად იქნა მიჩნეული.

ლუვრი ასევე უკავშირდება მონარქიასაც, ნაპოლეონ ბონაპარტისაც და რა თქმა უნდა ფრანსუა მიტერანსაც, რომელმაც ლუვრი აქცია იმად, რასაც ის ახლა წარმოადგენს, სწორედ მის დროს აშენდა შუშის პირამიდა.

თავისი გამარჯვების შემდეგ ემანუელ მაკრონი ლუვრის ესპლანადაზე ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ჰანგების თანხლებით გამოჩნდა, არაა გამორიცხული, რომ ამით მან პატივი მიაგო ყოფილ პრეზიდენტს ფრანსუა მიტერანს, რომელიც ასევე „სიხარულის ოდას“ ჰანგებზე წარსდგა მხარდამჭერების წინაშე 1981 წელს.

არჩევანის ლუვრზე გაკეთებამ და გამარჯვების სიტყვის იქ წარმოთქმას, სოციალურ ქსელში ფართო განხილვა მოჰყვა. სხვა სიმბოლოებთან ერთად სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ილუმინატებთან კავშირიც დაინახეს, მათი ეჭვი კი ემანუელ მაკრონის მიერ სიტყვის წარმოთქმის ადგილის შერჩევამ გაამძაფრა, საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი პირამიდის ფონზე იყო წარმოჩენილი.

 

ემანუელ მაკრონის ფრანგულ პოლიტიკაში გამოჩენას მეტეორიტის შემოვარდნას ადარებენ. ის პოლიტიკაში სულ რაღაც რამდენიმე წელია რაც არის და მან უკვე შეძლო მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის მეთაური გამხდარიყო:

„ყველა გვეუბნებოდა რომ ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ საფრანგეთი შეუძლებელს არ ცნობს“- დაწერეს ემანუელ მაკრონის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე არჩევნების დასრულების შემდეგ.

რამდენიმე ფაქტი, რომელიც შესაძლოა ემანუელ მაკრონის შესახებ არ იცოდეთ:

  • ემანუელ მაკრონი ასაკით ყველაზე ახალგაზრდაა საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის.
  • ის არის საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი რომელსაც ემანუელი ქვია.
  • მისი სიმაღლე 1,73 სმ-ია , ფრანგების საშუალო სიმაღლეზე 6 სანტიმეტრით ნაკლები.
  • ის 10 წელი ფორტეპიანოზე უკრავდა და ამიენის კონსერვატორიის პრიზიც აქვს მიღებული.
  • მისი საყვარელი მუსიკოსები არიან ჯონი ჰოლიდეი, შარლ აზნაური და ლეო ფერე.
  • მაკრონის თქმით „ღვინო ფრანგების სულია. კვება ღვინის გარეშე ძალიან მოსაწყენია.”
  • მას ჰყავს ძაღლი, არგენტინული დოგი, რომელსაც “ფიგარო” ჰქვია.
  • ENA-ში სწავლის დროს მას ვარცხნილობის გამო “ანდრე რიოს” უძახდნენ, იმის გამო რომ ვარცხნილობით ნიდერლანდელ მუსიკოს ანდრე რიოს ჰგავდა.
  • ის ფაქტი, რომ ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტ ტრონო მასზე 24 წლით დიდია და მისი მასწავლებელი იყო უკვე ყველასთვის ცნობილია. მათი სიყვარულის ისტორია იხილეთ ბმულზე.

წყარო: newposts.ge

 

https://youtu.be/vyRKsuBChIc

Comments
Loading...