ენგურს გაღმა მცირედით, მაგრამ მაინც დათბა – რა მოხდა აფხაზი მაღალჩინოსნის სახლში?

გალიდან ჩამოსულმა მეგობარმა დღეს გულისამაჩუყებელი ამბავი მიამბო: რამდენიმე თვის წინ ოჩამჩირეში აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ოჯახის უფროსი ვაჟი სიმაღლიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. საჭირო იყო სასწრაფო ოპერაცია, რომელსაც სოხუმში ვერ გააკეთებდნენ.

ოჯახი ასეთი არჩევანის წინაშე დადგა: ან თბილისი, ან რუსეთის რომელიმე დიდი ქალაქი. თუმცა როგორც აფხაზი ექიმები ამბობდნენ, მოზარდის ბედს წუთები წყვეტდა და ოჯახმაც მოკლე გზა აირჩია – თბილისი.

ავადმყოფი ზუგდიდიდან ჩასული რეანომობილით წამოიყვანეს, მარტო, მშობლებმა გაყოლა ვერ შეძლეს. თბილისში ქართველმა ნეიროქირურგებმა ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, მთელმა საავადმყოფომ უპატრონა, მოუარა და გამოჯანმრთელებული გაამგზავრა ოჩამჩირეში. მოგვიანებით, მთელი გალი ლაპარაკობდა აფხაზი მაღალჩინოსნის სახლში გამართულ ნადიმზე, სადაც ქართველი ექიმების სადღეგრძელო არაერთხელ გაისმა.

ამის მერე გალელებმა ერთი უცნაურობაც შეამჩნიეს: ენგურს გაღმა ექიმთან მიმავალ მგზავრებს პრობლემებს აღარ უქმნიან, თუმცა იქაურებს კარგად ახსოვთ, უფრო ადრე როგორ გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭიდებოდა, მაგრამ მოუწესრიგებელი დოკუმენტების მომიზეზებით ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს.

ჩემი მეგობარი მარწმუნებს, ამ ფაქტებს წყალი არ გაუვაო. თუ ვინმემ მოიგონა, არც ეს არის ცუდი, როგორც ჩანს, ენგურს გაღმა მცირედით, მაგრამ მაინც დათბა.
წყარო
მანანა მაზიაშვილი – ჟურნალისტი

აფხაზებთან ურთიერთობის საკითხში მედიცინამ, როგორც ბერკეტმა დიდი როლი ითამაშა,მიუხედავად იმისა რომ საქართველოს მთავრობა არ ასაჯაროებს,საქართვლოს ტერიტორიაზე გადმოსულ ეთნიკურად აფხაზი პაციენტების რიცხვს,(მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე) ფაქტია რომ ეთნიკურად აფხაზების მადლობები საქართველოს მთავრობის მისამართით ყოველდღიურად იმატებს.
როგორც გაირკვა უშუალოდ ამ საკითხს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მინისტრი ქეთევან ბაკარაძე პირადად კურირებს.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს,ეთნიკურად აფხაზი პაციენტების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ , რადგანაც დაცული იყოს მათივე უსაფრთხოება.

” სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვერიდებით ამ თემაზე საუბარს, თუ რაიმე ცნობებია ეს მათივე მხრიდან ხდება,აფხაზურმა მედიამაც კი დაწერა რომ, “აფხაზები კბილის გასაკეთებლადაც კი საქართველოში გადადიან”სასიამოვნოა თუ ასე ძალიან მოსწონთ ქართული მედიცინა,ჩვენ ვცდილობთ ამ სენსიტიურ თემას ფრთხილად მივუდგეთ, სწორედ ამიტომ ვიცავთ მათ ინტერესებს და ვერიდებით ამ თემაზე საუბარს, ისინი ჩვენი ძმები და დები არიან ,ჩვენ ამ თემიდან “პიარს” არ ვაგებთ, დროა საქმემ ილაპარაკოს და შედეგებმა ამ ყველაფერზე. სწორედ ამიტომ აღნიშნულ ინფორმაციებზე კომენტარს არ ვაკეთებთ.”

განაცხადეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

Comments
Loading...